NASA

ასტრონომებმა ირმის ნახტომის გარეთ პირველი სავარაუდო პლანეტა აღმოაჩინეს

NASA

ასტრონომებმა NASA-ს ჩანდრას ობსერვატორიის ტელესკოპის გამოყენებით, ირმის ნახტომის გარეთ პირველი პლანეტის აღმოჩენის სავარაუდო ნიშნები მოიპოვეს.

ამ დრომდე აღმოჩენილი 5000-მდე "ეგზოპლანეტიდან" უკლებლივ ყველა ირმის ნახტომში მდებარეობს. შესაბამისად, ისინი დედამიწისგან მაქსიმუმ 3000 სინათლის წლით არის დაშორებული. სავარაუდოდ, სატურნის ზომის ეგზოპლანეტა კი მორევის გალაქტიკაში (Messier 51) მდებარეობს, რომელიც ჩვენი გალაქტიკიდან 28 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს გალაქტიკაში მდებარე ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად, მეცნიერები სინათლის ჩრდილს აკვირდებიან, რომელიც იმ დროს წარმოიქმნება, როდესაც პლანეტა პარტნიორ ვარსკვლავს წინ ჩაუვლის. ამ ჩრდილებზე დაკვირვებით კი მეცნიერები ობიექტების ზომისა და პარტნიორ ვარსკვლავებთან სიახლოვის განსაზღვრას ახერხებენ.

ასტროფიზიკოსმა, როზან დი სტეფანომ და მისმა კოლეგებმა კი რენტგენის სხივების ნათებაში შექმნილი ჩრდილები გამოიკვლიეს, რომელიც ბინარული ვარსკვლავებიდან მოდის. მსგავსი ობიექტები ხშირ შემთვევაში ნეიტრონულ ვარსკვლავს ან შავ ხვრელს მოიცავენ, რომელიც ახლომდებარე ვარსკვლავებიდან აირს იღებს. ამის შედეგად რენტგენის სხივებში გაცხელებული მატერიისა და ვარვარის დაფიქსირება ხდება შესაძლებელი. 

პლანეტა გავარვარებულ რეგიონთან ჩავლის დროს რენტგენის ზოგიერთ, ან ყველა სხივს დედამიწამდე მოღწევის საშუალებას ართმევს, რაც მეცნიერებს საფირმო სხივების დაფიქსირების საშუალებას აძლევს. მსგავსი მოვარვარე რეგიონები, ხშირ შემთხვევაში, ვარსკვლავზე პატარაა, ამის გამო სინათლის დაჩრდილვა უფრო მკაფიო ხდება, შედეგად კი მეცნიერებს მეტ სივრცეზე დაკვირვება შეუძლიათ. მეცნიერთა ჯგუფმა ბინარული სისტემის, M51-ULS-1-ის ირგვლივ მბრუნავი, სავარაუდო, ეგზოპლანეტა სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ მისი კომპანიონი ვარსკვლავი მზეზე 20-ჯერ უფრო მასიურია.

მეცნიერებმა სისტემაზე დაკვირვების შედეგად, რენტგენის სხივთა გამოყოფის ნულამდე დაცემაც შეამჩნიეს. შედეგად კი განსაზღვრეს, რომ პლანეტა, სავარაუდოდ, სატურნის ზომის არის, მაგრამ ნეიტრონულ ვარსკვლავსა და შავ ხვრელს ორჯერ უფრო შორი მანძილიდან უვლის, ვიდრე სატურნი მზეს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მათი ინტერპრეტაციის დადასტურებას ხანგრძლივი პროცესი დასჭირდება. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ არსებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდო პლანეტას პარტნიორ ვარსკვლავთან მორიგი ჩავლისთვის 70 წელი დასჭირდება. შესაბამისად, მსგავსი ნიშნების აღმოჩენა ახლო მომავალში ვერ მოხერხდება.

პარალელურად, ზემოხსენებული დაკვირვების კიდევ ერთი შესაძლო ახსნაც არსებობს, რომელიც რენტგენის სხივების წინ აირის ან მტვრის ჩავლას და სხივებისთვის გზის გადაღობვას ეფუძნება. თუმცა, მეცნიერების აზრით, ეს თეორია ნაკლებსავარაუდოა, რადგან ის მიღებულ მონაცემებს არც ისე კარგად ერგება.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გუშინ გამოქვეყნდა.

კომენტარები