ნამახვანჰესი

USAID-ის ენერგოპროექტის დირექტორი: ნამახვანის ტექნიკური ანალიზი კარგად იყო ჩატარებული

საქართველოში USAID-ის განახლებადი ენერგიის პროექტის დირექტორი დენიელ პოტაში
Forbes Talks

საქართველოში USAID-ის განახლებადი ენერგიის პროექტის დირექტორი დენიელ პოტაშის თქმით, ნამახვანჰესის პროექტის ტექნიკური ანალიზი კარგად იყო ჩატარებული და კონტრაქტი კარგად იყო მომზადებული. პოტაშმა ნამახვანჰესის შესახებ Forbes Talk-თან ისაუბრა.

"დიახ, ნამახვანის შემთხვევა დააფრთხობს ინვესტორებს, მათ, ვინც საქართველოში ფიქრობს გრძელვადიანი და კაპიტალტევადი ინვესტიციების განხორციელებას. მე შემიძლია ვთქვა, რომ ნამახვანი, როგორც მე შევისწავლე ეს პროექტი, ტექნიკური ანალიზი კარგად იყო ჩატარებული, მიმაჩნია, რომ კონტრაქტი კარგად იყო მომზადებული – ღია, კონკურენტული ტენდერის საფუძველზე, 19 პრეტენდენტით საწყის ეტაპზე და შემდეგ 3 კომპანიით "შორთლისტში". კარგი კომპანიებით, რომლებიც საბოლოოდ შეირჩა.

ვფიქრობ, ამ პროექტს ძალიან კარგი საფუძველი აქვს. ვფიქრობ, ასევე რომ თემთან ურთიერთობაც საკმაოდ კარგად წარიმართა და ისიც მგონია, რომ ადგილობრივი თემი საკმაოდ კმაყოფილი იყო საწყის ეტაპზე. შემდეგ სხვა ძალები ჩაერივნენ და ვფიქრობ, ამის შემდეგ დავა გასცდა უკვე იმ დავას, ნამახვანი კარგი პროექტია თუ ცუდი და იყო თუ არა ეს პროცესი კანონიერი და სამართლიანი." – თქვა პოტაშმა.

გარდა ამისა დენიელ პოტაშმა აღნიშნა, რომ USAID-ის განახლებადი ენერგიის პროექტს შეიძლება დადებითი გავლენა ჰქონდეს ენერგოსფეროში სტრატეგიული კომუნიკაციას.

სექტემბერში თურქულმა კომპანია ENKA Renewables-მა საქართველოსთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ნამახვანჰესი აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის, ENKA İNŞAAT-ის განცხადებაში ვკითხულობთ.

კომპანია ამის მიზეზად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევასა და ფორსმაჟორს ასახელებს.

კომენტარები