ენერგეტიკა

აბრამიშვილი ჰუდაკს: მსხვილი ჰესების გარეშე ქვეყანას ძალიან გაუჭირდება

"მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ბატონი ჰუდაკის მიმართ, ვერ ვხვდები, ეს განცდა საიდან შეიძლება ჰქონდეს", - ასე პასუხობს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი პრემიერის მრჩეველს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკს, რომელსაც ფიქრობს, რომ საქართველოში დიდი ჰესების დრო დასრულდა. 

გიორგი აბრამიშვილის თქმით, საქართველოს მსხვილი ჰესების გარეშე ელექტროენერგია ძალიან ძვირი დაუჯდებდა და გაიზრდება იმპორტზე, მათ შორის, რუსეთიდან იმპორტზე დამოკიდებულება.

"ჩვენი ქვეყნის განვითარება არის ზუსტად ჰიდროპოტენციალი, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში არსებული პოტენციალი თუ არ გამოვიყენეთ, თუ ეს არ განვავითარეთ და გავზრადეთ იმპორტზე დამოკიდებულება, მათ შორის, რუსეთიდან იმპორტზე დამოკიდებულება, მაშინ ხელი უნდა ჩავიქნიოთ ამ ქვეყანაზე. თუ ძალიან საეჭვო ინტერესთა ჯგუფების აზრზე უნდა იაროს ქვეყანამ და ჩვენმა ენერგოპოლიტიკამ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ეს ქვეყანა ჩავაბაროთ ჩვენს მეზობელ რუსეთს.

[...] ჩვენი სისტემა ვერ იარსებებს მსხვილი ჰესების გარეშე, ძალიან გაუჭირდება და ძალიან ძვირი დაუჯდება ჩვენს ქვეყანას, ელექტროენერგიის ყველაზე იაფი შენახვის საშუალება არის წყალი, მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ ელექტროენერგია და გამოვიმუშავოთ მაშინ, როდესაც მოხმარებას დასჭირდება." - თქვა აბრამიშვილმა.

აბრამიშვილს მიაჩნია, რომ განახლებადი ენერგიების ათვისება სამომავლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ტექნოლოგიებს აქვს რიგი პრობლემები - სჭირდება სისტემაში რეზერვუარიანი სადგურები, ძვირადღირებული ტექნოლოგიაა და მისი წარმოება გარემოსთვის უფრო მავნეა, ვიდრე რომელიმე ჰიდროელექტროსადგურის ან თბოსადგურის.

"მე ვერ ვხვდები, სხვა რა გამოსავალი აქვს ამ ქვეყანას, ჩვენ აუცილებლად უნდა ავითვისოთ სხვა ყველა განახლებადი ენერგიის რესურსი, ეს იქნება ქარი თუ მზე, თუმცა არაერთხელ მისაუბრია რა პრობლემები აქვს ამ ქარისა და მზის ათვისებას.

ერთი მხრივ, ცვალებადი ენერგიაა და მას აუცილებლად სჭირდება სისტემაში რეზერვუარიანი სადგურები. ბატონი ჰუდაკი ალტერნატივად განიხილავდა ბატარეების ჰაბად ჩამოყალიბებას, ეს ისეთი ძვირადღირებული ტექნოლოგიაა, რომ აშშ და ელონ მასკი საუბრობენ ამ ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე, მაგრამ ჯერ მასკმაც კი ვერ შექმნა, კაცი მარსზე მიფრინავს დღე-დღეზე. შესაბამისად, ვერ ვხვდები რატომ უნდა გავაკეთოთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტექნოლოგია, საიდან გვაქვს ჩვენ ამის შესაძლებლობა.

მეორე მხრივ, მისი წარმოება გარემოსთვის ბევრად უფრო მავნეა რომელიმე ჰიდროელექტროსადგურზე და თბოსადგურზეც კი.

მესამე, რა ენერგია უნდა შევინახოთ? ვხედავთ როგორ იზრდება მოხმარება, ჩვენი გენერაცია, დაახლოებით, 8-9 მილიარდია, რასაც საკუთარი ქვია და არა თბოსადგურები, რომელიც მეზობლების წიაღისეულზე დამოკიდებულებას გვიზრდის", - ამბობს აბრამიშვილი.

კომენტარები