ენერგეტიკა

ღარიბაშვილის მრჩეველი: საქართველოში დიდი ჰესების დრო დასრულდა

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკი ფიქრობს, რომ საქართველოში დიდი ჰიდროელექტროსადგურების დრო დასრულდა და ამგვარი პროექტების ნაცვლად, კონცენტრაცია პატარა ჰესებსა და განახლებადი ენერგიების განვითარებაზე უნდა მივმართოთ. ამის შესახებ ჰუდაკმა ForbesTalks-ში ისაუბრა. 

ვაზილ ჰუდაკის თქმით, საქართველოს მომავალში ენერგიის შემნახავი სისტემაც დასჭირდება და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

"ჩემი პირადი განცდაა, რომ საქართველოში დიდი ჰიდროენერგეტიკული პროექტების დრო დასრულებულია, ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე, თუ რაც ქვეყანაში ხდება და რამდენად დიდია ადგილობრივი წინააღდმეგობა ამგვარი პროექტების მიმართ. პოტენციურად, მომავალს ვხედავ უფრო მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში და ასევე, განახლებადი ენერგიების განვითარებაში, განსაკუთრებით, მზის და ქარის ენერგიების მიმართულებით, ამისთვის კი დაგვჭირდება სისტემური ბალანსის მიღწევა.

დიდი პროექტი, რომელშიც მეც ვარ ჩართული დღეს, ეხება ენერგიის შენახვის სისტემის განვითარებას საქართველოში, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული. მიმაჩნია, რომ მომავალში ინვესტორს, რომელიც მზის და ქარის ენერგიაში ინვესტირებით დაინტერესდება, უნდა დაევალოს ასეთი სისტემის აშენება. სისტემა ელექტროენერგიას შეინახავს, როცა მიწოდება იქნება მაღალი და ამით მივიღებთ სისტემურ ბალანსს", - ამბობს ჰუდაკი. 

ჰუდაკის თქმით, სლოვაკეთის მსგავსად, საქართველოს მთავარი ეკონომიკური განვითარების მთავარი ხაზი ექსპორტი უნდა იყოს. 

"ვფიქრობ, საქართველო სლოვაკეთის მსგავსი ქვეყანაა, სლოვაკეთის ეკონომიკური განვითარების მთავარი ხაზი დღეს ექსპორტია, მშპ-ს 85% ექსპორტზე მოდის, საქართველოსაც, ჩემი აზრით, მსგავსი პოტენციალი და მომავალი აქვს, ამას კი ნამდვილად სჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები", - თქვა პრემიერის მრჩეველმა. 

სექტემბერში თურქულმა კომპანია ENKA Renewables-მა საქართველოსთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ნამახვანჰესი აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის, ENKA İNŞAAT-ის განცხადებაში ვკითხულობთ.

კომპანია ამის მიზეზად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევასა და ფორსმაჟორს ასახელებს. 

კომენტარები