კოლუმბია

კოლუმბიაში პაბლო ესკობარის ბეჰემოთებს სტერილიზაცია გაუკეთეს

Getty Images

კოლუმბიაში პაბლო ესკობარის ბეჰემოთებისთვის სტერილიზაციის გაკეთება დაიწყეს. ესკობარს კოლუმბიაში სხვადასხვა ეგზოტიკური ცხოველი შეჰყავდა, მათ შორის იყო ბეჰემოთების წყვილი, რომლებსაც "კოკაინის ბეჰემოთებს" ეძახდნენ. წლებია, ბეჰემოთები თავისუფლად მრავლდებიან და მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. კოლუმბიის მთავრობამ ამ დროისთვის 80-დან 24 ცხოველს სტერილიზაცია გაუკეთა.

ესკობარის ბეჰემოთების ჯგუფი, სავარაუდოდ, აფრიკის გარეთ ამ ცხოველების ყველაზე დიდი ჯგუფია. მეცნიერების თანახმად, სამხრეთ ამერიკისთვის ბეჰემოთი ინვაზიური სახეობაა და რეგიონის ბიომრვალფეროვნებას საფრთხეს უქმნის.

1993 წელს როდესაც სამართალდამცველებმა ესკობარის საკუთრება ჩამოართვეს, მისი კუთვნილი ცხოველების უმეტესობა ზოოპარკებში გადაანაწილეს. თუმცა ბეჰემოთები ადგილზე დარჩნენ.

"მათი გადაადგილება რთული იყო და ხელისუფლებამ უბრალოდ იქვე დატოვა, ალბათ იფიქრეს, რომ ცხოველები დაიხოცებოდნენ" - ამბობს კოლუმბიელი ბიოლოგი ნატალი კასტელბლანკო.

თუმცა სამხრეთ ამერიკაში არ არსებობს მტაცებელი ცხოველი, რომელიც ბეჰემოთებს საფრთხეს შეუქმნის და ცხოველები გამრავლდნენ. მეცნიერების თანახმად, ბეჰემოთები მდინარე მაგდალენას საშუალებით დაიწყეს რეგიონში გავრცელება.

იმ მეცნიერების თანახმად, ბეჰემოთებს ადგილობრივ ეკოსისტემაზე სხვადასხვა გავლენა აქვთ. მათ რამდენიმე ადგილობრივი ცხოველთა სახეობის იძულებით გადაადგილება გამოიწვიეს, გარდა ამისა ბეჰემოთების გამო სხვადასხვა ადგილას წყლის ქიმიური შემადგენლობა შეიცვალა, რასაც თევზებზე უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა კვლევების ნაწილი ბეჰემოთების დადებით გავლენაზეც მიუთითებს.

პაბლო ესკობარი 1949 წელს კოლუმბიაში დაიბადა და 1970-იან წლებში მედელინის ნარკოკარტელი ჩამოაყალიბა. თავისი საქმიანობის წლებში, ამერიკაში შეტანილი კოკაინის თითქმის 80% მას ეკუთვნოდა. 1991 წელს იგი დააკავეს და თავის მოწყობილ "საპყრობილეში" ჩასვეს, რომელსაც ესკობარმა საკათედრო ტაძარი უწოდა. პაბლო ესკობარის სახელს უკავშირდება 4 000-მდე ადამიანის სიკვდილი. იგი 1993 წელს, პოლიციასთან შეტაკების დროს მოკვდა.

კომენტარები