COVID-19-ის ვაქცინა

თეთრი სახლი: აშშ-ს მოსახლეობის 77% აცრილია COVID-19-ის ვაქცინის ერთი დოზით მაინც 

თეთრი სახლის ინფორმაციით, საჯარო უწყებებისა და კერძო კომპანიების მიერ დაწესებულმა სავალდებულო მოთხოვნებმა აცრის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შესახებ დადებითად იმოქმედა ვაქცინაციის ტემპზე და უკანასკნელ პერიოდში ზრდის მაჩვენებელმა 20% შეადგინა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ჯეფ ზინტსის თქმით, აშშ-ს მოსახლეობის 77% აცრილია COVID-19-ის ვაქცინის ერთი დოზით მაინც. 

საერთო ჯამში, ქვეყანაში 404 მილიონი დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული, ორივე დოზით აცრილთა რაოდენობა კი 188 მილიონს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი მხარს უჭერს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების სავალდებულო აცრას და ის, ასევე, კერძო კომპანიებს მოუწოდებს, რომ თანამშრომლებს აცრა ან რეგულარული ტესტირება მოსთხოვონ. 

"თუ თქვენ კერძო ბიზნესის, კომპანიის, არაკომერციული, სახელმწიფო ან ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხართ, ახლა უკვე დროა და მოგიწოდებთ, რომ სავალდებულო ვაქცინაცია მოითხოვოთ". – თქვა ბაიდენმა. 

ზინტსის შეფასებით, პრეზიდენტის მოწოდებამ და კომპანიების მიერ აცრის მოთხოვნამ მნიშვნელოვნად დააჩქარა ვაქცინაციის ტემპი, რამაც, თავის მხრივ, შეამცირა ვირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები.

უმსხვილესი ამერიკული კომპანიები კი გეგმავენ, რომ პრეზიდენტის მოწოდება გაითვალისწინონ და უახლოეს მომავალში სავალდებულო ვაქცინაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია მოითხოვონ, მათ შორისაა: Google, Apple, Facebook, Microsoft, Walmart, Disney და Amazon.
 

კომენტარები