ერაყი

ერაყში 2019 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები იმართება

Reuters

ერაყში საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნები მომავალ წელს უნდა ჩატარებულიყო თუმცა 2019 წლის მასობრივი პროტესტების შემდეგ არჩევნები ვადაზე 6 თვით ადრე ჩაინიშნა. ასევე შეიცვალა პარტიულ სიებზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემა, რათა დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის პარლამენტში შესვლა გამარტივებულიყო, თუმცა მოსალოდნელია, რომ მანდატების უმეტესობას მთავარი შიიტური ბლოკები მოიპოვებენ.

ძველი საარჩევნო სისტემაში ერაყის 18-ივე პროვინცია ერთ საარჩევნო ოლქს წარმოადგენდა და პარტიებზე საპარლამენტო მანდატები პროპორციული პრინციპით ნაწილდებოდა. ცვლილებების შემდეგ ქვეყანაში 83 საარჩევნო ოლქი ჩამოყალიბდა, თითოეული ოლქიდან 3-5 კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს პარლამენტში შევა. ცვლილებების მიზანია, დამოუკიდებელ კანდიდატებს ხელი შეუწყონ პარტიებისთვის კონკურენციის გაწევაში, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით რესურსების და მედიაში უფრო აქტიური გაშუქების გათვალისწინებით პოლიტიკური პარტიები მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობენ.

არჩევნებში მთავარი კონკურენტები ამჟამად პარლამენტში წარმოდგენილი ორი ბლოკია, Saeroun-ი და Fatah-ი. Saeroun-ის ლიდერ მოკტადა ალ-სადრს ერაყში ირანის და სხვა უცხოური გავლენის აღმოფხვრა სურს. Fatah-ის ალიანსში ძირითად ის პარტიები არიან გაერთიანებული, რომელიც ირანის მიერ დაფინანსებულ შეიარაღებულ მოძრაობასთან, სახალხო მობილიზაციის ძალებთან არიან დაკავშირებული.

ერაყის პრემიერმინისტრმა მუსტაფა ალ-კადიმიმ მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

"წადით არჩევნებზე და მიეცით ხმა, შეცვალეთ თქვენი რეალობა ერაყის და თქვენი მომავლისთვის. ვინც მერყეობთ, ენდეთ ღმერთს, წადით არჩევნებზე და აირჩიეთ, ვისაც შესაფერისად მიიჩნევთ. ეს არის შესაძლებლობა" - თქვა პრემიერმინისტრმა.

2019 წლის ბოლოს ერაყში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებიც ძირითადად დედაქალაქ ბაღდადსა და ქვეყნის სამხრეთ ქალაქებში იმართებოდა. მოსახლეობა კორუფციის აღმოფხვრას, სამუშაო ადგილების შექმნას და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას ითხოვდა. აქციის მონაწილეები ირანს ერაყის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ.

მაშინდელი პრემიერმინისრის ადელ აბდულ მაჰდის მთავრობა პროტესტის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში გადადგა. 

აქციები რამდენიმე ორ თვეზე დიდხანს გაგრძელდა. უშიშროების ძალებმა და სავარაუდოდ, ირანის მიერ დაფინანსებული სახალხო მობილიზაციის ძალებმა 550-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს. საპროტესტო ტალღა Covid-19-ის პანდემიის შეზღუდვების დაწესების შემდეგ შესუსტდა. 

მუსტაფა ალ-კადჰიმი პრემიერმინისტრი 2020 წლის მაისში გახდა. მიუხედევად კრიზისის დასრულების დაპირებისა, დემონსტრანტების ძირითადი მოთხოვნები კვლავ შეუსრულებელი რჩება. პროტესტის ლიდერების ნაწილმა საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. რის მიზეზადაც დემონსტრანტების სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობა დაასახელეს.

კომენტარები