არჩევნები 2021

გახარია: ენმ-ს და ოცნებას საკრებულოს თავმჯდომარეების არჩევაზე ღია მოლაპარაკებებს ვთავაზობთ

გიორგი გახარია

საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მის პარტიას გადამწყვეტი ხმები აქვს, როგორც საკრებულოების დაკომპლექტებაში, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში. 

მისივე თქმით, ამის გამო ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ფარული მოლაპარაკებებით ცდილობენ შეთანხმების მიღწევას იმისთვის, რომ მათთვის მისაღები კანდიდატებით დაკომპლექტდეს საკრებულო. 

გახარია ასევე ამბობს, რომ ქართული ოცნება პარტია საქართველოსთვის წევრებზე ზემოქმედებას და გადაბირებას ცდილობს, სხვადასხვა ბინძური მეთოდებით. 

"ეს ქმედებები მიზანს ისახავს, რომ ჩამოყალიბდეს მსხვილ მუნიციპალიტეტებში და მსხვილ ქალაქებში ერთპარტიული საკრებულოები, რაც კიდევ ერთხელ ვამბობს, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ესაა ის დავალება, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა მოგვცა - ვებრძოლოთ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. ჩვენ ვთავაზობთ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას ღია ფორმატში, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების საკადრო შემადგენლობების მიღება. ჩვენ მზად ვართ უპირობოდ დავეთანხოთ მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რამეთუ მივცეთ ორ ძალას შესაძლებლობა მოილაპარაკონ".- ამბობს გიორგი გახარია. 

გახარია ამბობს, რომ პარტია საქართველოსთვის "არცერთ მუნიციპალიტეტის დონეზე არ აპირებენ კოალიციის შექმნას არც ოცნებისთვის და არც ნაციონალური მოძრაობისთვის". 

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მოცემული მონაცემებით, ქართული ოცნება 4 თვითმმართველი ქალაქისა და თემის საკრებულოში ვერ ლიდერობს წარმომადგენლების რაოდენობით. ესენია - რუსთავი, ზუგდიდი, წალენჯიხა და სენაკი.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები