კრიმინალი

შსს: ყაჩაღობისთვის 4 პირი დავაკავეთ, მათ ქალი გაკოჭეს, ფული და ძვირფასი ნივთები წაართვეს

Tabula

სამართალდამცველებმა ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით, 4 პირი: 1995 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ო., 1998 წელს დაბადებული ი.ი., 1985 წელს დაბადებული შ.ჰ. და 1975 წელს დაბადებული ფ.მ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მცხოვრები მოქალაქის - 1950 წელს დაბადებული მ.ბ.-ის საცხოვრებელ სახლში ყაჩაღობის მიზნით უკანონოდ შეაღწიეს.

თავდამსხმელებმა ქალი გაკოჭეს, დანის გამოყენების მუქარით უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 1000 ლარზე მეტ თანხას, 3000 ლარამდე ღირებულების ოქროს სამკაულებსა და სხვა ძვირფასეულობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ ბრალდებულების დაკავებისას სამკაულების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები