ფარული მოსმენები

კალაძე ელჩების მოსმენაზე: არანაირი დიპლომატიური სკანდალი, კაცო

"არანაირი დიპლომატიური სკანდალი, კაცო". - ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე სუს-ის მიერ ელჩების სავარაუდო მოსმენასა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაზე დასმულ კითხვას.  

სუს-ის მიერ ელჩების შესაძლო მოსმენაზე ჰარცელმა თქვა, რომ ევროკავშირი ამ საკითხს ძალიან სერიოზულად აღიქვამს და პარტნიორი ქვეყნის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება არ არის ბუნებრივი. დიპლომატის ინფორმაციით ამ საკითხზე საქართველოს ელჩი ევროკავშირში ბრიუსელის სათავო ოფისში დაიბარეს.  

ჰარცელის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ მისი განცახდება "დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილად" შეაფასა, თეა წულუკიანმა კი ჟურნალისტს უთხრა - "ჰარცელივით ლაპარაკობთ, თითქოს ყველაფერი დადასტურდა". 

გავრცელებულ მასალებით, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, დგინდება, რომ სუს-ი ელჩებსაც უსმენს. მასალებით, სუს-ი უსმენდა კელი დეგნანს, კარლ ჰარცელსა და რან გიდორს. ფორმულას ინფორმაციით, უწყება კარლ ჰარცელს არა მხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ საკუთარ თანაშემწესთან საუბრის დროსაც უსმენდა. 

თბილისის მერი, კახა კალაძე გავრცელებული მასალებზე ამბობს, რომ თუ საჭიროა უწყებამ უნდა მოუსმინოს ვინც სჭირდება და მოსასმენია, მათ შორის დიპლომატებსაც. 


13 სექტემბერს გავრცელდა, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით კი, დიდია ალბათობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი მასალა "ფაბრიკაციის გზით იყოს შექმნილი. ასევე, საპატრიარქო ფაილების დიდ ნაწილს სიცრუეზე აგებულს უწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სიმართლესაც შეიცავს. 

ამავე თემას ეხებოდა 19 სექტემბერს გასული გადაცემა მთავარი აქცენტები. მთავარი არხის მტკიცებით, მათ ინტერვიუ ჩაწერეს სუს-ის მოქმედ თანამშრომელთან. პირი, რომელიც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ უწყებაში სასულიერო პირების გარდა, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს უსმენდნენ.

კომენტარები