ფარული მოსმენები

კალაძე: უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, [დიპლომატებსაც] თუ საჭიროა

თბილისის მერი, კახა კალაძე სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებული მასალებზე კომენტარისას ამბობს, რომ თუ საჭიროა უწყებამ უნდა მოუსმინოს ვინც სჭირდება და მოსასმენია, მათ შორის დიპლომატებსაც. ამის შესახებ ოცნების გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"აუცილებად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია. რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში. თუ ასეა საჭირო [დიპლომატებსაც]". – ამბობს კახა კალაძე.

13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით კი, დიდია ალბათობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი მასალა "ფაბრიკაციის გზით იყოს შექმნილი. ასევე, საპატრიარქო ფაილების დიდ ნაწილს სიცრუეზე აგებულს უწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სიმართლესაც შეიცავს. 

ამავე თემას ეხებოდა 19 სექტემბერს გასული გადაცემა მთავარი აქცენტები. მთავარი არხის მტკიცებით, მათ ინტერვიუ სუს-ის მოქმედ თანამშრომელთან. პირი, რომელიც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ უწყებაში სასულიერო პირების გარდა, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს უსმენენ.

კომენტარები