მეგის ქარდავა

მეგის ქარდავას ადვოკატი: ყველა განაჩენს გავასაჩივრებთ, არცერთ ბრალს არ აღიარებს

იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირების შემდეგ ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი დღეს, 20 სექტემბერს პირველად შეხვდება. 

ადვოკატის თქმით, ქარდავა არცერთ ბრალს არ აღიარებს და აპირებს, ყველა განაჩენი გაასაჩივროს. 

"ყველა განაჩენის გასაჩივრება იგეგმება, პირველ რიგში მოხდება გეგმის შემუშავება და სტრატეგიის დაგეგმვა. ალბათ, ყველა განაჩენს გავასაჩივრებთ და გადაწყდება ყველა მიმდინარე პროცესზე მიიღებს თუ არა აქტიურად მონაწილეობას. გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ვადა დაკავებიდან, ექსტრადირებიდან ერთ თვეში აქვს. სასჯელი დამდგარია 6 საქმეზე, პროკურატურა არეულია, საექსტრადიციო მასალებიც საინტერესო იქნება, რომელ საქმეზე მოხდა გადმოცემა, ეს მნიშვნელოვანია. პროკურატურის მხრიდან არ გასაჯაროებულა იმ საქმეების ჩამონათვალი, თუ რომელ საქმეებზე განხორციელდა მისი ექსტრადირება. ის არც ერთ ბრალს არ აღიარებს". - ამბობს ადვოკატი. 

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია 17 სექტემბერს მოხდა. ის რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლოდ 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის, ე.წ. ციხის ბუნტის, სერგო თეთრაძის, ე.წ. კასრების საქმეებზე. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე მიმდინარეობს ქარდავას საქმის განხილვა, რომელიც შეეხება ჯგუფურად და შეკვეთით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.

კომენტარები