ფარული მოსმენები

პროკურატურა ფაილებზე: მივმართეთ აშშ-ს, სხვა ქვეყნებს სერვერებზე შენახვის, გამოთხოვის მიზნით

საქართველოს პროკურატურა / Facebook

პროკურატურა საქართველოს საპატრიარქოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართეს ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს გამოძიებით დადგენილ სერვერებზე მონაცემების შენახვის და გამოთხოვის მიზნით

"საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქტიურად ტარდება. გამოძიების ფარგლებში, გავრცელებული ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების კანონიერების, ასევე ავთენტურობის დასადგენად მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები და საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები როგორც მონაწილე პირთა იდენტიფიცირების, ასევე აღნიშნული მასალების ავთენტურობის, მასალების შემდგენი და მომპოვებელი პირების დადგენის მიზნით. გამოძიების ფარგლებში განხორციელდა ინტერნეტ სივრცეში ატვირთული ელექტრონული ფაილების გადმოწერა, ასევე, მიმდინარე რეჟიმში ხდება საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი". – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურა მედიის წარმომადგენლებსა და ფაილებზე ინფორმაციის მქონე ყველა პირს მოუწოდებს, გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

უწყება ხაზს უსვამს, რომ მასალა, შესაძლოა, შეიცავდეს პირადი ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, სამსახურებრივი, პროფესიული, კომერციული ან/და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რომლის გავრცელებაც წარმოადგენს კანონდარღვევას და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ამ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან, "რათა არ შეილახოს ფიზიკური და იურიდიული პირების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესები".

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გაგრძელდა სსკ-ის 158-ე მუხლის I, II და IV ნაწილებით.


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები