ფარული მოსმენები

ბიბილაშვილი: ოცნება გამიზნულად მალავდა იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების ფაქტს

ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia / Facebook

თბილისში პარტია ლელოს მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ეხმაურება, რომელშიც საუბარია იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანებაზე. ბიბილაშვილის თქმით, ეს არის ქალაქის მმართველობის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული სიწმინდეების მიმართ.

"ცნობილი გახდა, რომ ძირი გამოუთხარეს გოგებაშვილის საფლავს და ნეშტი გაიბნა. ეს არის ქალაქის მმართველობის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ჩვენი ქალაქის, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული სიწმინდეების მიმართ. ვწუხვარ, რომ მიწევს განცხადების გაკეთება იმ ძალიან ცუდი სისტემის არასწორი მეთოდით მოპოვებული მასალების შინაარსზე, მაგრამ ეს არის საკითხი, რომელიც ყველას შეგვეხო.

ეს იმის, ბრალია, რომ კალაძე და ქალაქის მმართველობა ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას, რომ ადამიანების წინაშე ანგარიშვალდებულები არიან. ამ ვანდალური ფაქტიდან ორი წელი გავიდა. ჩვენი ეროვნული სიწმინდეები საფრთხის ქვეშაა და ამის შესახებ საზოგადოებას არაფერი აცნობეს. არავინ ვიცით რა ხდება ამ ყველაფრის მიღმა და რამდენი სიწმინდეა ხელყოფილი. საინტერესოა, კიდევ რამდენ რამეს მალავს კალაძე მის მიერ გამოქვეყნებული გაპრიალებული და უზადო პრეზენტაციების მიღმა". – თქვა ანა ბიბილაშვილმა.

გავრცელებული მასალებიდან ერთ-ერთში აღწერილია, რომ მთაწმინიდის პანთეონში თბილისის მერიის მხრიდან ჩატარებული სადრენაჟო სამუშაოებისას იაკობ გოგებაშვილის საფლავი დაზიანდა, ნეშტის ნაწილები კი გაიბნა.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები