ფარული მოსმენები

კანდელაკი ელჩების მოსმენაზე: შეურაცხყოფა და სახელმწიფოების სუვერენიტეტში შეჭრაა

გიორგი კანდელაკი

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ელჩებს უსმენს. კანდელაკის შეფასებით, მათი მოსმენა სახელმწიფოების შეურაცხყოფა და მათ სუვერენიტეტში შეჭრაა. 

"როცა ჩვენი ქვეყანა სამარცხვინოდ უსმენს ჩვენი მეგობარი, საქართველოს მხარდამჭერი და ზოგადად მსოფლიოში მნიშვნელოვანი ქვეყნების ელჩებს, ამით საქართველო შეურაცხყოფას აყენებს და სუვერენიტეტში იჭრება, რადგან ელჩები წარმოადგენენ თავ-თავიანთ სახელმწიფოებს. 

რა თქმა უნდა, წამყვანი როლი იმ ცვლილებაში, რომელიც უნდა მოხდეს საქართველოში მიენიჭება, პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ამას უბრალოდ არ გაატარებენ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი". - ამბობს გიორგი კანდელაკი. 

გავრცელებული მასალების მიხედვით, სუს-ი უსმენს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ისრაელის ელჩის, რან გიდორის საუბარს. ფორმულას ინფორმაციით, უწყება კარლ ჰარცელს არა მხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ საკუთარ თანაშემწესთან საუბრის დროსაც უსმენდა. 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ელჩების მოსმენაზე საუბრისას ამბობს, რომ მოსმენის საშუალება "ძალიან ბევრ ადამიანს და ქვეყანას აქვს".

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები