ფარული მოსმენა

ლომჯარია მასალებზე: სტრასბურგის სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობაზეც ვმუშაობთ

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფაილებთან დაკავშირებით  სტრასბურგის სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობასაც განიხლილავს და როგორც თავად განმარტავს, ეს ერთ-ერთი გამოსავალია.

"საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვაც შეიძლება განიხილოს საქართველოს მოქალაქეებმა, ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ და იგივე სტრასბურგის სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობაც, ვფიქრობ, რომ არის ერთ-ერთი გამოსავალი". – ამბობს ნინო ლომჯარია.

ომბუდსმენი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს სისტემურ დანაშაულად აფასებს და ამბობს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა იმის მოლოდინი, რომ ამ დანაშაულის გამოძიება ობიექტურად ან ეფექტურად მოხდება, სახალხო დამცველს არ აქვს.

"ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, უკანონო მიყურადებას და მოსმენებს საქართველოს მოქალაქეების და ამაზე საჭიროა სისტემური პასუხი. რაც შეეხება გამოძიებას, რა თქმა უნდა, ის უნდა დაწყებულიყო და ფორმალურად უნდა დაიწყოს, თუმცა პირადად მე ნამდვილად არ მაქვს, გულწრფელად რომ გითხრათ, იმის მოლოდინი, რომ ამ დანაშაულის გამოძიება მოხდება ობიექტურად ან ეფექტურად. იმიტომ, რომ არცერთი მსგავსი, თუნდაც უფრო მცირე მასშტაბის მსგავს დარღვევებზე გამოძიებას არ ჰქონია ეფექტური რეაგირება". – თქვა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები