ფარული მოსმენა

ჩიხლაძე: ჩემსა და ნატა ფერაძეს შორის დიალოგი, რომელიც გაშიფრულია, ფერაძის სახლში შედგა

ტელეკომპანია ფორმულას წამყვანის, თამუნა ჩიხლაძის განმარტებით, მასსა და აქტივისტ ნატა ფერაძეს შორის შემდგარი დიალოგი, რომლის გაშიფრულ ვარიანტსაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) დოკუმენტებში ვხვდებით, ნატა ფერაძის სახლში შედგა, – "შოკისმომგვრელი იყო ამ დიალოგის პოვნა ამ ფაილებში" – ამბობს თამუნა ჩიხლაძე. ჟურნალისტის თქმით, ამ საქმეს აუცილებლად მისცემს სამართლებრივ მსვლელობას.

"როგორც ჩანს, თვალთვალი მიდიოდა ტრანსგენდერ ადამიანებზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე. პანდემია ახალი დაწყებული, ჩემმა მეგობარმა სასულიერო პირებმა გადაწყვიტეს დახმარება ამ ადამიანების საკვებით და მითხრეს, რომ გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ და იქნებ შენ გქონდეს ინფორმაცია. მე დავუკავშირდი ნატას [ფერაძე] და ვთხოვე, თუ შეეძლო ამის ორგანიზება. ტელეფონზე გვქონდა ძალიან ხანმოკლე დიალოგი. მესენჯერშიც ორი-სამი კითხვით გავცვალეთ ინფორმაცია. მეც და ნატაც ვფიქრობთ, ასე გვახსოვს, რომ დიალოგის ის ნაწილი, რომელიც არის გაშიფრული სიტყვა-სიტყვით, ეს დიალოგი შედგა ნატა ფერაძესთან სახლში, სადაც მე კონკრეტულად ვუყვებოდი ვინ არიან ეს ადამიანები, რატომ გადაწყვიტეს მათი დახმარება, რადგან მასაც ჰქონდა კითხვის ნიშნები, იყო ძალიან გაკვირვებული და მე უნდა დამერწმუნებინა ის, რომ ძალიან სანდო ადამიანები აპირებდნენ ტრანსგენდერი ადამიანების დახმარებას. შოკისმომგვრელი იყო ამ დიალოგის პოვნა ამ ფაილებში, ეს სისტემური პრობლემაა". – ამბობს თამუნა ჩიხლაძე.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები