კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: პაციენტის ოჯახმა ტოცილიზუმაბი გარეთ არ უნდა ეძებოს, მკაცრი ჩვენებისას გამოიყენება

თამარ გაბუნია

"არც ერთ შემთხვევაში პაციენტმა და მისმა ოჯახმა პრეპარატი ასე გარეთ არ უნდა ეძიოს" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტოცილიზუმაბი გამოიყენება მხოლოდ ძალიან მკაცრი ჩვენების დროს, ერთეული შემთხვევებისას.

"მხოლოდ კონკრეტულ რამდენიმე პაციენტს შეიძლება დასჭირდეს. გარკვეული გეგმაზომიერებით ხდება მედიკამენტის მოწოდება, ის რაოდენობა, რომელიც შემოვიდა, წინასწარ ჰქონდათ კლინიკებს შეკვეთილი, ეს არის ის კლინიკები, სადაც ყველაზე მეტი მძიმე პაციენტი ხვდება. 

მოხდა ისე, რომ მედიკამენტის თაობაზე მედიით ფართო საუბარს მოჰყვა არასწორი მოლოდინების ჩამოყალიბება მის დანიშნულებასთან დაკავშირებით. ამას გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა გარემოებებიდან გამომდინარე ვიღაცა ბოროტადაც კი იყენებს და ეუბნება ოჯახებს, რომ უნდა იყიდონ თავად, იშოვონ ეს მედიკამენტი და მოიტანონ. ეს მედიკამენტი არსად არ იყიდება, არის მოწოდებული და ოფიციალური სადისტრიბუციო არხებით გადანაწილებული კონკრეტულ კლინიკებში. როდესაც არის კონკრეტული ჩვენება, დასაბუთებული საჭიროება, იმ კლინიკას, სადაც მეტია მედოკამენტის მარაგი, ვთხოვთ, რომ გადაანაწილოს სხვა კლინიკაში, ამას ანაზღაურებს სახელმწიფო" - ამბობს მინისტრის მოადგილე.

ე.წ შავ ბაზარზე ტოცილიზუმაბის ყიდვასთან დაკავშირებით თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ამას ჯანდაცვის უწყება იკვლევს.

"აუცილებლად შევისწავლით, იმ ორგანოებს ვთხოვთ დახმარებას, რომლებიც მსგავს საკითხებზე მუშაობენ, ძალიან საყურადღებოა და სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი, რომ ოჯახს ვთხოვოთ, მოძებნოს პრეპარატი.

როცა არის დასაბუთებული საჭიროება, იმდენი დოზა ნამდვილად არის ქვეყანაში, რომ მოვახერხოთ მისი გადანაწილება, ესე თავისუფლად პრეპარატი არსად არ იყიდება" - აღნიშნა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა ზოგი კლინიკა იღებს გადაწყვეტილებას, "მოდი, ვცადოთ და იქნებ შედეგი ჰქონდეს". გაბუნიას განცხადებით, "ეს არ არის მისაღები დამოკიდებულება, არ შეიძლება პრეპარატის ასე გამოყენება, ტოცილიზუმაბს აქვს კონკრეტული ჩვენებები, მძიმე მდგომარეობის დროს მისი გამოყენება ისედაც არ არის ნაჩვენები, კონკრეტული კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს".

კითხვაზე, რომ პრეპარატის 700 დოზიდან 500 რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდა, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ სწორედ ამ კლინიკას ჰქონდა წამალი შეკვეთილი.

"თუმცა, ჩვენ მათ რამდენჯერმე ვთხოვეთ სხვა კლინიკებისთვის დათმობა. როცა ამის საჭიროება არსებობს, კარგია, რომ ვიცით, სად არის ეს დოზები კონცენტრირებული, და შეგვიძლია, გადავანაწილოთ იმ კლინიკებში, სადაც ამის საჭიროებაა. ასევე ვმუშაობთ მომწოდებელთან, თუ სადმე რეზერვი არის სხვა ქვეყანაში,იქიდან შეიძლებოდეს მობილიზება, მაგრამ ეს იქნება აუცილებლად მართული პროცესი. სპონტანურად ქუჩაში და ფეისბუქზე ძებნა მედიკამენტის და თანხის მობილიზება, რომ სადღაც შავ ბაზარზე ვიღაცამ იყიდოს, არის ძალიან დამაზარალებელი ყველა მხარისთვის" - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 86 პაციენტი გარდაიცვალა. მხოლოდ აგვისტოს თვეში - 1 631.

კომენტარები