ავღანეთი

თალიბებს პანჯშირის ხეობა ალყაში ჰყავთ, წინააღმეგობის მონაწილეებს მშვიდობისკენ მოუწოდებენ

ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლები პანჯშირში
BBC

თალიბანს ავღანეთში ამ ერაპისტვის არსებული ერთადერთი წინააღმდეგობა ალყაში ჰყავს მოქცეული. თალიბები ჯერ კიდევ პანჯშირის ხეობის გარშემო არიან განლაგებული და მოწინააღმდეგეებს მშვიდობისკენ და დანებებისკენ მოუწოდებენ.

თალიბანის ერთ-ერთმა გავლენიანმა მეთაურმა, ამირ ხან მოთაკიმ აჯანყებულებს ხმის ჩანაწერი გაუგზავნა, რომელშიც მათ იარაღის დაყრისკენ მოუწოდებდა.

"ავღანეთის ისლამური საამირო ყველა ავღანელის სახლია" – ამბობდა ის ჩანაწერში.

მოთაკის თქმით, თალიბანი დიდი ხანია რაც პანჯშირის წინააღმდეგობასთან მოლაპარაკებას ცდილობს, "მაგრამ, სამწუხაროდ, სამწუხაროდ უშედეგოდ", როგორც ამას ამირ ხანი ამბობს. 

მისი თქმით, თალიბანი ხეობის ოთხი მიმართულებით ემზადება და პანჯშირელებს აფრთხილებს, რომ ბრძოლის მიზეზი არ არსებობს. ასევე მოთაკიმ მათ შესახსენებლად დაამატა, რომ თალიბები ვერც NATO-მ და აშშ-მ ვერ დაამარცხა.

მოთაკის სიტყვები მოჰყვა პანჯშირის წინააღმდეგობის ცნობას, რომ მათ 7 თალიბი მოკლეს, როდესაც ორი დღის წინ თალიბანმა თავდასხმის დაწყება სცადა. ისინი წინააღმდეგობის ძალებს სამი ან ოთხი მიმართულებით დაესხნენ თავს, თუმცა უკუაგდეს.

რამდენიმე დღის წინ, თალიბანის სპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ პანჯშირის მიმართულებით ასობით თალიბი გაგზავნეს. ასევე, მისი თქმით, თალიბანი პრობლემის მოლაპარაკებებით გადაჭრას ცდილობდა.

ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი პანჯშირში არის გამაგრებული. მის სათავეში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ამრულაჰ სალეჰი და ჩრდილოეთის ალიანსის ლიდერის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი, აჰმად მასუდი დგანან.

კომენტარები