კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ორჯერ აცრილის გარდაცვალება დაფიქსირდა, ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ საქართველოში ორჯერ აცრილი ადამიანი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. მინისტრის თქმით, "ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუმცა, მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც".

ეკატერინე ტიკარაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს", რადგან მსგავსი ფაქტები აღირიცხა მსოფლიოში აცრილთა  0.001%-ში.

"იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები, რაც გამოიწვია მათმა ქრონიკულმა დაავადებებმა და ამ შემთხვევაში ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო". – თქვა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია პაციენტის ვინაობა, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია მწერალ ვაჟა შაქარაშვილზე. ის გორმედში მკურნალობდა. 63 წლის ვაჟა შაქარაშვილმა თავად დაწერა, რომ სინოვაკის ვაქცინით ივნისის თვეში აიცრა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, აგვისტოს 22 დღეში Covid 19-ს თითქმის 1 000 ადამიანი ემსხვერპლა.


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები