ჰაიტი

ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 2 000-მდე გაიზარდა

14 აგვისტოს ​ჰაიტიზე მომხდარი 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 1 941-ს აღწევს. დაშავებულია 10 000-მდე ადამიანი. 

სამაშველო სამუშაოებს ტროპიკული შტორმით გრეისით გამოწვეული ძლიერი წვიმა აფერხებს. გაეროს თანახმად, 500 000-ს ბავშვს შეზღუდული წვდომა აქვს თავშესაფარზე, სუფთა წყალსა და საკვებზე.

ათიათასობით ადამიანმა სახლ-კარი დაკარგა. მიწისძვრამ ყველაზე მეტად ჰაიტის სამხრეთ-დასავლეთი დააზარალა, განსაკუთრებით ქალაქ ლეს კაიესის შემოგარენი.

მიწისძვრამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა ქვეყანა, რომელიც გასულ თვეს პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ პოლიტიკურ კრიზისშია. პრემიერმინისტრმა არიელ ჰენრიმ, რომელიც ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ქვეყანას მართავს, ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას სოლიდარობის გამოჩენისკენ მოუწოდა.

ბოლო წლების განმავლობაში ჰაიტი რამდენჯერმე გახდა სტიქიური უბედურების ზონა. 2016-ში ქვეყანას თავს ქარიშხალი მეთიუ დაატყდა, ხოლო 2010 წელს მომხდარმა მიწისძვრამ 200 000 ადამიანი იმსხვერპლა და მნიშვნელოვნად დააზარალა ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა.

კომენტარები