კორონავირყსი საქართველოში

სექტემბრიდან არავაქცინირებულ ჯგუფებს, შესაძლოა, სახელმწიფომ ტესტირება არ დაუფინანსოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს საკითხზე, რომ 15 სექტემბრიდან ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ აუცილებლად იტესტებიან, თუ სრულად ვაქცინირებულნი არ იქნებიან, მოუწევთ ტესტირების საფასური გადაიხადონ თვითონ ან მათმა დამსაქმებელმა, ტესტირება კი 2 კვირაში ან კვირაში ერთხელაა სავალდებულო.

"მოგეხსენებათ, რომ ტესტირება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მეთოდი პანდემიის მართვის, საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს სახელმწიფო ტესტირებებში, ბოლო 1 თვის განმავლობაში, საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 38 000 ყოველდღიური ტესტი, PCR და ანტიგენის ტესტი, ამიტომ, სადღაც სექტემბრის 15-დან, ვფიქრობთ, რომ ის ესენციური ჯგუფები, ვინც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, აღარ გაიტესტებიან სახელმწიფოს მიერ.

მათ ვალდებულება ექნებათ, რომ ტესტი ჩაიტარონ, მაგრამ თუ ვაქცინირებულები იქნებიან 2-ჯერ, მაშინ ისევ სახელმწიფო დააფინანსებს ამას, თუ არ იქნებიან ვაქცინირებულნი, მაშინ ან დამსაქმებელმა ან თვითონ უნდა გადაიხადოს, იმიტომ, რომ ჩვენ, სახელმწიფო უზრუნველვყოფთ, მივაწოდოთ მათ უფასოდ ვაქცინა და აცრა, კეთილი ინებონ და აიცრან, თუ არადა ვალდებულებაა, რომ ისინი გარკვეულ პერიოდში, 2 კვირაში ერთხელ, ზოგი კვირაში ერთხელ ტესტირებული იქნას. ეს წინადადებაც წარდგენილია". – თქვა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 17 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 47 000-ზე მეტი ტესტი და დადასტურდა 6 208 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 539 პაციენტი.

კომენტარები