ავღანეთი

FACEBOOK-ი თავის პლატფორმებზე თალიბანის კონტენტს აკრძალავს

Getty Images

Facebook-ი თავისი სოცმედია პლატფორმებიდან თალბანისა და მის მხარდამჭერ კონტენტს აკრძალვას. კომპანიის თანახმად, ის თალიბანს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. Facebook-ის წარმომადგენლის თქმით, ის ავღანელ ექსპერტებთან თანამშრომლობს, რომლებიც სოციალურ ქსელებს აკვირდებიან და დაჯგუფებასთან დაკავშირებული კონტენტის წაშლაზე იმუშავებენ.

წლების განმავლობაში თალიბანი სოციალურ მედიას თავისუფლად იყენებდა. 

"თალიბანს, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას, აშშ-ს კანონმდებლობით სანქციები აქვს დაწესებული, ჩვენს სერვისებზე წვდომას "სახიფათო ორგანიზაციების პოლიტიკის" ფარგლებში ვუზღუდავთ. რაც ნიშნავს, რომ ანგარიშები, რომლებიც თალიბანის მიერ ან თალიბანისთვის არის შექმნილი, წაიშლება, ასევე იკრძალება მათი [თალიბანი] მხარდაჭერა, ქება და მათი წარდგენა. ასევე გვყავს ავღანელი ექსპერტების გუნდი, რომლებიც დარისა და პუშტუზე თავისუფლად საუბრობენ და ადგილობრივ კონტექსტს იცნობენ. ისინი გვეხმარებიან, აღმოაჩინონ და გვამცნონ პლატფორმაზე ახლად წამოჭრილი პრობლემები". – უთხრა Facebook-ის წარმომადგენელმა BBC-ის.

კომპანიის თანახმად, თალიბანის მიმართ პოლიტიკა ვრცელდება სოციალური მედიის ყველა პლატფორმაზე, რომელსაც კომპანია ფლობს, Facebook-ზე, Instagram-სა და WhatsApp-ზეც. თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ თალიბანის წევრები WhatsApp-ს იყენებენ. Facebook-ის თანახმად, კომპანია შესაბამის ზომებს მიიღებს, თუ აპლიკაციაში დაჯგუფებასთან დაკავშირებულ ანგარიშებს იპოვის.

აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. 

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

კომენტარები