ავღანეთი

"დროა, ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს" – ტრამპი 5 მიზეზს ასახელებს

დონალდ ტრამპი

"ის, რაც ბაიდენმა ავღანეთში გააკეთა, ლეგენდარულია - ეს შევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი ამერიკის ისტორიაში". – წერს აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ტრამპი ბაიდენს გადადგომისკენ მოუწოდებს.

"დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს, იმისთვის, რაც ავღანეთში გააკეთა, გარდა ამისა, COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო, ასევე სასაზღვრო კატასტროფის, ენერგოდამოუკიდებლობის განადგურების და დამანგრეველი ეკონომიკის გამო". – წერს ტრამპი.

გარდა ამისა, ტრამპმა  გუშინდელ წერილშიც გააკრიტიკა ბაიდენის პოლიტიკა ავღანეთის მიმართ. მისივე თქმით, ბაიდენმა ქვეყნის დატოვება იჩქარა და მას არ შეუქმნია ეფექტური შემაკავებელი ბარიერი, რაც მომავალში ტერორიზმის საფრთხეს აღკვეთდა.

გუშინ, 15 აგვისტოს, თალიბანი ქაბულში შეიჭრა, რის შემდეგაც ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. თალიბებმა უკვე აიღეს პრეზიდენტის სასახლე.

აშრაფ ღანის ხელისუფლებიდან ჩამოგდება თალიბანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.

რამდენიმე საათის წინ, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დროებით მთავრობას ძალაუფლებას მშვიდობიანად გადასცემენ.

CNN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დროებით მთავრობაში თალიბანისა და პრეზიდენტ აშრაფ ღანის ადმინისტრაციის წევრები შევლენ. 


მას შემდეგ რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს, ქვეყანაში გამწვავდა დაძაბულობა თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადაზე გაცილებით ადრე სრულდება. 

კომენტარები