Starlink

GITA: SPACEX-ი საქართველოს თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდების საპილოტე ქვეყნად განიხილავს

Starlink-ის თანამგზავრები ღამის ცაზე

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინფორმაციით, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი საქართველოს თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდების ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად განიხილავს.

სააგენტოს ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს გენერალური კონსული სან ფრანცისკოში ლევან ბერიძე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ SpaceX-ის უფროს ფინანსურ ოფიცერს, ბრეტ ჯონსენს და უფროს ფინანსურ დირექტორს, დევიდ ფინლეის შეხვდნენ. ასევე შეხვედრას ესწრებოდა SpaceX-ის ერთ-ერთი ინვესტორი ბილ რაიხერტი.

"SpaceX-ი დაინტერესდა საქართველოს ინტერნეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე, შესაბამისად მათი მხრიდან განიხილება საქართველო, როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას მიაწოდებს თანამგზავრულ ინტერნეტს. ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და ქართველების მეტი ჩართულობა მათ სამომავლო გეგმებში". – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, SpaceX-ი სააგენტოს დახმარებით საქართველოში ინტერნეტპროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად ოფიციალურ პროცედურას დაიწყებს.

SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ისეთ ადგილებში, სადაც ინტერნეტკავშირი არასაიმედო, ძვირი ან მიუწვდომელი იყო. პროექტის შემუშავება 2015 წელს დაიწყეს. პირველი სატესტო პროტოტიპები TINTIN-ი 2018 წლის თებერვალში, ხოლო უშუალოდ Starlink-ის თანამგზავრების პირველი ჯგუფი ორბიტაზე 2019 წლის მაისში გაუშვეს. 2020 წლის შუისთვის პროექტის ფარგლებში თითქმის 12 000 თანამგზავრის გაშვება იგეგმება. 

SpaceX-ი მიიჩნევს, რომ 2021 წლის სექტემბრიდან თანამგზავრული ინტერნეტის პროექტი Starlink-ი მსოფლიოს მასშტაბით უწყვეტი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფას შეძლებს.

კომენტარები