თბილისის მერია

მერია: ლორთქიფანიძეზე ფერდი მშენებლობის არასწორი მართვის გამო ჩამოიშალა, კორპუსი არ შენდება

თბილისის მერია

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, ჩატარებული პირველადი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ლორთქიფანიძის ქ. N10-ის მიმდებარე ფერდის ჩამოშლა სამშენებლო პროცესის არასწორად და არათანმიმდევრულად მართვამ გამოიწვია. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება, მშენებელი კომპანია კი 30 000 ლარით დაჯარიმდა.

"ლორთქიფანიძის ქ. N10-ის მიმდებარედ გუშინ ფერდი ჩამოიშალა. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მთლიანი კორპუსის მოსახლეობა დროებით საცხოვრებლებში – სასტუმროებშია გაყვანილი. დღეს დილიდან პროცესში ჩაერთნენ დარგის ექსპერტები და პირველადი ვარაუდით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ფერდის ჩამოშლა განპირობებულია მშენებლობის პროცესის არასწორი და არათანმიმდევრული მართვით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერია არ შეეგუება არცერთი მშენებელი კომპანიის მიერ არასწორად და არათანმიმდევრულად ჩატარებულ სამუშაოებს. აღნიშნული საკითხი შემდგომი მოკვლევის მიზნით სამართალდამცავ უწყებებში გადაიგზავნება. ასევე, მიმდინარეობს დეტალური ექსპერტიზა პრობლემის დასადგენად. გარდა ამისა, უკვე დაწყებულია პროექტირების ეტაპი, რომლის მიზანიც, ფერდის და საჭიროების შემთხვევაში, მის მიმდებარედ არსებული კორპუსის გამაგრებაა". – თქვა ირაკლი ბენდელიანმა.  

დედაქალაქის მერის მოადგილის თქმით, კორპუსიდან ევაკუირებული მოსახლეობის ყოველდღიურ ხარჯებს მუნიციპალიტეტი იქამდე აანაზღაურებს, სანამ ამის საჭიროება იქნება. 

"თავიანთ საცხოვრებელ სახლებში მოსახლეობის დაბრუნება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც სრულად ვიქნებით დარწმუნებული, რომ ამ სახლში მათი ცხოვრება უსაფრთხოა. ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო და მოსახლეობა დავამშვიდო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება. თავად ამ ფაქტზეც, ჩვენი მხრიდან უკვე მოხდა შესაბამისი რეაგირება და კომპანია დაჯარიმებულია 30 000 ლარით, თუმცა, ეს არ არის ის სანქცია, რომლითაც კომპანიის პასუხისმგებლობა მოიხსნება. კომპანიის პასუხისმგებლობაა და ეს უშუალოდ ჩვენი ჩართულობითაც მოხდება, რომ იქ გამოწვეული ზიანი, რაც მოსახლეობას მიადგა, იყოს გამოსწორებული. ამ კომპანიის მხრიდან არასწორი და არათანმიმდევრული შედეგების შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ნებისმიერ მსგავს არასწორად ჩატარებულ სამუშაოზე მუნიციპალიტეტის მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება". – თქვა ბენდელიანმა. 

12 ივლისს თბილისში ლორთქიფანიძის N10-ში ფერდი ჩამოიშალა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით მიმდებარე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ფერდის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. 

კომენტარები