COVID-19-ის ვაქცინა

ენტონი ფაუჩი: მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს 

ენტონი ფაუჩი
ფოტო: The Indian Express

აშშ-ის პირველი ინფექციონისტის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, მასწავლებლებისა და საგანმანათლებლო ცენტრებში დასაქმებული პირებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო უნდა გახდეს. 

ფაუჩის აზრით, მოსწავლეებისა და სტუდენტების ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელია მასწავლებლების აცრა, განსაკუთრებით კი დელტა ვარიანტის გავრცელების პირობებში. 

"დიახ, ვიცი, რომ ამით ზოგიერთ ადამიანს გავანაწყენებ, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს. მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, თუ რატომ არის ვაქცინაცია ასეთი მნიშვნელოვანი". – თქვა ფაუჩიმ.

მისი აზრით, უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებში, კოლეჯებსა და სკოლებში დასაქმებულ პირებს ვაქცინაცია არა ფედერალურ, არამედ ადგილობრივ დონეზე უნდა მოეთხოვოთ. 

"ვიცი, რომ ადამიანებს ინდივიდუალური თავისუფლება უნდა ჰქონდეთ და მათ არ უნდა ვეუბნებოდეთ როგორ მოიქცნენ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ახლა იმდენად სერიოზულ სიტუაციაში ვართ, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს". – ამბობს ფაუჩი. 

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სავალდებულო ვაქცინაციის იდეას მხარს უჭერს. 

მან ოფიციალურად განაცხადა, რომ ხელს მოაწერ თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ინიციატივას აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში დასაქმებული პირებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესახებ. 

აღნიშნული გეგმა 4 მილიონზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს და რეზერვისტს მოიცავს. 
 

 

კომენტარები