ბელარუსი

ბელარუსში სასკოლო პროგრამიდან სოლჟენიცინის, ალექსიევიჩის, ნაბოკოვის ნაწარმოებები ამოიღეს

ალექსანდრ სოლჟენიცინი/სვეტლანა ალექსიევიჩი/ვლადიმირ ნაბოკოვი

ბელარუსის განათლების სამინისტრომ მე-11 კლასების სასკოლო პროგრამიდან ალექსანდრ სოლჟენიცინის, სვეტლანა ალექსიევიჩის და ვლადიმირ ნაბოკოვის ნაწარმოებები ამოიღო. გადაწყვეტილება 21 ივლისს მიიღეს.

ამ დრომდე ნაბოკოვის და სოლჟენიცინის ნაწარმოებები 1950-იანი წლების შუა და 1990-იანი წლების დასაწყისამდე პერიოდის ლიტერატურის პროგრამაში შედიოდა. მათი წიგნების სწავლება რეკომენდებული იყო დისიდენტური ლიტერატურის შესწავლის ფარგლებში. ძველ პროგრამაში სოლჟენიცინის მოთხრობას ივან დენისოვიჩის ერთი დღე სამი გაკვეთილი ეთმობოდა, ხოლო კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურაში სოლენიცინის წიგნი პატრიონას ეზო შედიოდა. აღსანიშნავია, რომ ახალ პროგრამის ფარგლებში სოლჟენიცინის ორი წიგნი კლასგარეშე ლიტერატურის სიაშია შესული, მათ შორისაა არქიპელაგი გულაგი.

"ბელარუსის რუსულენოვანი ლიტერატურის" პროგრამიდან ამოღებულია სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნი უკანასკნელი მოწმეები. ალექსიევიჩის ნაწარმოები  "პროზა. ადამიანი და ომი" შედიოდა განყოფილებაში ისეთ ავტორებთან ერთად როგორებიც არიან ნიკოლაი ჩერგინეცი და სერგეი ტრახიმიონოკი. ახალ პროგრამაში ამ ორი ავტორის ნაწარმოებები დარჩა, ალექსიევიჩის კი ამოღებულია.

სვეტლანა ალექსიევიჩი ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატია. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სვეტლანა ალექსიევიჩი აქტიურად აკრიტიკებდა ალექსანდრ ლუკაშენკოს და გადადგომისკენ მოუწოდებდა.  2020 წლის აგვისტოში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. საბჭოს წევრი სვეტლანა ალექსიევიჩიც იყო. მწერალი საბჭოს პრეზიდიუმის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც ბელარუსში თავისუფალი რჩებოდა. დანარჩენები ან დააკავეს, ან ქვეყნის დატოვება აიძულეს. მოგვიანებით, სექტემბერში ბელარუსი სვეტლანა ალექსიევიჩმაც დატოვა.

ალექსანდრ სოლჟენიცინი რუსი მწერალი, პუბლიცისტი, საბჭოთა დისიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი იყო. 1960-1980-იან წლებში ის აქტიურად გამოდიოდა კომუნისტური იდეების და სსრკ-ს პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ. მხატვრული ნაწარმოებების გარდა, ის მწვავე საზოგადო-პოლიტიკურ საკითხებზე წერდა. სოლჟენიცინი 2008 წელს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვლადიმირ ნაბოკოვი რუსი-ამერიკელი მწერალია. პირველი ნაწარმოებები მან რუსულ ენაზე დაწერა, თუმცა საყოველთაო აღიარება აშშ-ში გადასვლისა და ინგლისურად წერის დაწყების შემდეგ მოიპოვა. ნაბოკოვის ყველაზე ცნობილი რომანია ლოლიტა. 2007 წელს ის გამოცემა Modern Library-ის 100 საუკეთესო რომანის სიაში მე-4 ადგილს იკავებდა. ნაბოკოვი 1977 წელს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები