სვეტლანა ალექსიევიჩი

ნობელიატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსიდან გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრა

Reuters

ბელარუსის ოპოზიციის საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, ნობელიატი მწერალი სვეტლანა ალექსივიჩი გერმანიაში გაემგზავრა. მწერლის თანაშემწის ტატიანა ტიურინას ინფორმაციით, ალექსიევიჩი გერმანიაში სამკურნალოდ წავიდა.

ტიურინას თანახმად, ალექსიევიჩის ქვეყნიდან წასვლა არ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმესთან, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს წინააღმდეგაა აღძრული. ემიგრაციის საკითხი არ დგას, ალექსიევიჩი გერმანიაში საკუთარი პირადი, ჯანმრთელობის საკითხებისა და ლიტერატურული საქმიანობის გამო წავიდა. 

ტატიანა ტიურინამ აღნიშნა, რომ ის, თუ როდის დაბრუნდება სვეტლანა ალექსიევიჩი, დამოკიდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე.

სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის ერთადერთი წევრია, რომელიც ბელარუსში იმყოფებოდა და არ დაუპატიმრებიათ. თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით ალექსიევიჩი აგვისტოს ბოლოს დაკითხვაზე დაიბარეს. ნობელიატი მწერლის უსაფრთხოებისთვის მის ბინაში ევროპელი დიპლომატები მორიგეობდნენ.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. არჩევნების შედეგებით გამარჯვება ალექსანდრ ლუკაშენკომ მოიპოვა. ოპოზიცია და ქვეყნის მოსახლეობა არჩევნების შედეგებს არ ცნობს და აპროტესტებს.

ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს მიზანი ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემაა. საბჭოს წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ძალაუფლების ძალადობრივი მითვისება მათ მიზანს არ წარმოადგენს. თუმცა ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ლუკაშენკო საკოორდინაციო საბჭოს ძალაუფლების ძალადობრივად მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს. სვეტლანა ალექსიევიჩის გარდა საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები ან დაპატიმრებული არიან ან ქვეყანა დატოვეს. დაპატიმრებულები არიან მარია კოლესნიკოვა და მაკსიმ ზნაკი. ქვეყანა დატოვა ოლღა კოვალკოვამ. ბელარუსი იძულებით დაატოვებინეს ანტონ როდნენკოვმა და ივან კრავცოვს.

კომენტარები