აგვისტოს ომი

კობახიძე ომზე: უნდა გვახსოვდეს ენმ-ის ღალატი, სამშობლოს გაყიდვის საშუალება აღარავის მივცეთ

ირაკლი კობახიძე
ტაბულა

ქართული ოცნების ლიდერები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში კვლავ წინა ხელისუფლებას ადანაშაულებენ. პრემიერმინისტრის შემდეგ აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ . 

"ეს დღე გვახსენებს გიორგი ანწუხელიძის, შინდისის გმირების, ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირის გმირობას, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.

ეს დღე გვახსენებს რუსულ აგრესიასა და ოკუპაციას, რომელმაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით ადამიანი დევნილად აქცია.

ეს დღე გვახსენებს ნაციონალური მოძრაობის ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთს ჩვენი ორი ისტორიული კუთხის ოკუპაციის საშუალება მისცა და ეს ოკუპაცია თავისივე ხელმოწერით გაუფორმა.

უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომ დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ!

უნდა გვახსოვდეს რუსული აგრესია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა არ დავთმოთ!

უნდა გვახსოვდეს ნაციონალური მოძრაობის ღალატი, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს და მისი გაყიდვის შესაძლებლობა აღარასდროს აღარავის მივცეთ!" – წერს კობახიძე FACEBOOK-ზე. 

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომს ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია უწოდა და რუსეთ-საქართველოს ომში კვლავ წინა ხელისუფლება დაადანაშაულა. 

 

კომენტარები