ავღანეთი

ავღანელი კომიკოსი, რომელიც TikTok-ისთვის თალიბანზე სახუმარო ვიდეოებს იღებდა, დაჯგუფებამ მოკლა

Allauddin Khan/AP

თალიბანი აღიარებს, რომ დაჯგუფების წევრებმა მოკლეს კომიკოსი ნაზარ მუჰამედი. მის მკვლელობამდე ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ნაზარ მუჰამედს მანქანაში ორი ადამიანი სახეში ურტყამს. კომიკოსი საკუთარი სახლიდან წაიყვანეს, მოგვიანებით კი დაჯგუფების წევრებმა ის სიკვდილით დასაჯეს.

თალიბანის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ორი კაცი, რომელიც ვიდეოში ნაზარ მუჰამედს ურტყამს, თალიბანის წევრები არიან. ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, მათ დააკავებენ და მკვლელობისთვის გაასამართლებენ.

ნაზარ მუჰამედი, რომელსაც ასევე იცნობენ სახელით ხაშა ზვანი, TikTok-ზე სახალისო ვიდეოების გავრცელებით გახდა პოპულარული. Human Rights Watch-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ მუჰამედი დაჯგუფებამ თალიბანზე ხუმრობის გამო მოკლა.

"როგორც ჩანს, თალიბანის ძალებმა ხაშა ზვანი სიკვდილით დასაჯა თალიბანის ლიდერებზე ხუმრობისთვის. მისი მკვლელობა და ძალადობის სხვა შემთხვევები აჩვენებს თალიბანის მეთაურების მზაობას ძალადობრივად ჩახშონ ყველაზე მცირე კრიტიკა ან წინააღმდეგობა". - თქვა პატრიცია გოსმანმა.

თალიბანის წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის ვარაუდით, კომიკოსი ავღანეთის ეროვნული პოლიციის წევრი იყო და თალიბანის მებრძოლის წამებასა და მოკვლაში იყო ეჭვმიტანილი. ზაბიჰულა მუჯაჰიდმა აღნიშნა, რომ თალიბანის წევრებს ის კი არ უნდა მოეკლათ, არამედ უნდა დაეკავებინათ, რათა ნაზარ მუჰამედი თალიბანის სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს, ქვეყანაში გამწვავდა დაძაბულობა თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები