თურქეთი

ხანძრების გამო ერდოღანმა ანტალია და კიდევ 4 პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა

ხანძარი თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე
DW

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთში 5 პროვინცია: ანტალია, ადანა, მერსინი, მუღლა და ოსმანიე სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერი ხანძრის გამო სხვადასხვა კურორტის ზონიდან ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო. ტურისტები სახიფათო ზონიდან თურქეთის სანაპირო დაცვის კატერებით გაიყვანეს. სანაპირო დაცვას კერძო ნავებისა და იახტების მფლობელებიც ეხმარებოდნენ. 

ძლიერი ხანძრები თურქეთის ტურისტულ რეგიონში, ხმელთაშუა ზღვის და ეგეოსის ზღვის სანაპიროებზე გაჩნდა. ხანძრებს 28 ივლისის შემდეგ ებრძვიან. სტიქიას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავდა 400-მდე ადამიანი. გამომძიებლები ცდილობენ, დაადგინონ, ხანძრები ბუნებრივად გაჩნდა თუ ვინმემ განზრახ გააჩინა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯიფ თაიფ ერდოღანი შაბათს, 31 ივლისს ხანძრით დაზარალებულ ქალაქ მანავგათში ჩავიდა. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად.

თურქეთის ხელისუფლების თანახმად ხანძრის 98 კერიდან 88 ლოკალიზებულია. ხანძრების ჩაქრობის ოპერაციაში თურქეთს აზერბაიჯანი, ირანი, რუსეთი და უკრაინა ეხმარებიან.

კომენტარები