უკრაინა

ზელენსკი უკრაინაში ეროვნული წინააღმდეგობის სისტემას ქმნის

29 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ორ ახალ კანონს. ერთის მიხედვით შეიარაღებულ ძალებში აქტიურ სამხედროთა რაოდენობა 250 000-დან 261 000-მდე გაზარდა, ხოლო მეორე კანონით, შექმნა ეროვნული წინააღმდეგობის სისტემა.

"ეს კანონები პირდაპირ კავშირშია სპეციალური ოპერაციების ძალებთან. ამ კანონის მეშვეობით, სპეციალურ ოპერაციათა რაზმებს შეეძლებათ რიგების შევსება ახალი პირებით და ჩვენი ერის თავდაცვის გაუმჯობესებაში უფრო დიდ წვლილს შეიტანენ". – თქვა ზელენსკიმ ჟიტომირის ოლქში, კანონზე ხელის მოწერის ცერემონიის დროს. 

29 ივლისს უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები საკუთარ დღეს აღნიშნავენ. სპეციალური ოპერაციების ძალები ერთ-ერთია უკრაინის შეიარაღებული ძალების 5 დანაყოფიდან. 

შეიარაღებული ძალების 11 000 ახალი ვაკანსიიდან 10 000 ადგილი ახლად შექმნილი ტერიტორიული თავდაცვის კორპუსისა იქნება, 1000 სამხედრო კი სპეციალური ოპერაციების ძალებს დაემატება. 

ეროვნული წინააღმდეგობის სისტემა ეხება ტერიტორიული თავდაცვის გაძლიერებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებსა და ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის სამოქალაქო სექტორის მომზადებას. 

"უკრაინაში ეროვნული წინააღმდეგობის სისტემის შექმნა ყველასთვის მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ ჩვენი ქვეყანა თავს დაიცავს, არ დაუშვებს 2014 წლის მოვლენების განმეორებას და რომ უკრაინის დაცვა მთელი ქვეყნის საქმეა" – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

"ეროვნული წინააღმდეგობების ღონისძიებები ჩატარდება როგორც კონტროლირებად, ისე ჩვენი სახელმწიფოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე" – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები