ვაქცინაცია საქართველოში

დეგნანი: გთხოვთ, აიცერით, საუკეთესო გზაა საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანების დასაცავად

კელი დეგნანი

"მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ, ამდენი ქართველი მოდის ვაქცინაციისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველოში გამოვლინდა დელტა ვარიანტი და ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება". – თქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

მისივე თქმით, აშშ მოხარულია, რომ საქართველოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ფაიზერის ვაქცინის ხუთასი ათასი დოზის გადმოცემა შეძლო. მან მოქალაქეებს მოუწოდა, აიცრან და თქვა, რომ სწორედ ვაქცინაცია არის გზა პანდემიის დასამარცხებლად.

"ვაქცინა არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ვხედავთ, რომ აქ, საქართველოში გამოვლინდა დელტა ვარიანტი და ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ვაქცინაცია საუკეთესო გზაა პანდემიისგან საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანებისა და ეკონომიკის დასაცავად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხალხს, გთხოვთ, აიცერით, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის გაკეთება. აშშ ეხმარება საქართველოს პანდემიის დაწყებიდან და ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ ამ ფაზაშიც, ვაქცინაციის ფაზაში. ეს არის ის, რაც ნამდვილად დაამარცხებს პანდემიას. ეს უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინაა. აიცერით". – ამბობს დეგნანი. 

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 3.8%.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა.  ჩატარდა 40 553 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 509 პაციენტი.

კომენტარები