არჩევნები 2021

მერია თბილისში ჰომოფობიური პლაკატების გაკვრისთვის ორ პირს აჯარიმებს

სირცხვილია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა ორი პირი, რომლებმაც თბილისის არაერთ უბანში ჰომოფობიური პლაკატები გააკრეს და ისინი დაჯარიმდებიან. მერიის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ისინი გაფრთხილებულები არიან 26 ივლისს ჯარიმის ქვითრის ჩაბარების შესახებ. თუ ისინი ქვითრების მისაღებად არ გამოცხადდებიან, ქვითრები ფოსტით გაეგზავნებათ.

​მერიის ინფორმაციით, თბილსერვის ჯგუფმა უკვე დაიწყო თბილისში პლაკატების ჩამოხსნა.

"არა ნაცებს, არა ბოროტებას!" – წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის ქუჩებში ჰომოფობიური პლაკატები გამოაკრეს.  პლაკატებზე გამოსახულნი არიან პოლიტიკოსები, კრიტიკული მედიის მენეჯერები და სამოქალაქო აქტივისტები.

თბილისში გაკრულ ჰომოფობიურ პლაკატებს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI). ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ისინი თავიანთი შინაარსითა და ფორმით ძალადობისაკენ მოწოდებას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მასზე გამოსახული ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს.

მსგავსი შინაარსის პლაკატი წინასაარჩევნოდ 2018 წელსაც გამოჩნდა, როდესაც  საარჩევნო ბანერებზე სალომე ზურაბიშვილი ახალი პლაკატით შეცვალეს, იმავე წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას!".

ფოტოზე ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ გამოსახული, კერძოდ: ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.

კომენტარები