სახლახო დამცველი

პატიმრისთვის ომბუდსმენის ცხელ ხაზთან დაკავშირების შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნეს

სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოქმედების დროს, ასევე სამარტოო საკანში ყოფნის პერიოდში ბრალდებულს/მსჯავრდადებულს სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირების შესაძლებლობას უზღუდავდა.

კანონში გაწერილი სადავო ნორმა ითვალისწინებს დისციპლინურ სანქციად სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვის შესაძლებლობას, რომლის პერიოდშიც ავტომატურად იზღუდებოდა სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირების უფლება.

"საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა სახალხო დამცველის არგუმენტაცია. იმის მიუხედავად, რომ პატიმრებს გააჩნიათ, სახალხო დამცველთან წერილობითი კონტაქტის, ხოლო სახალხო დამცველს კი ნებისმიერი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადგილზე მონახულების შესაძლებლობა, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აკრძალვის კონსტიტუციური გარანტია წარმოშობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს პატიმრებისთვის სახალხო დამცველთან კონკრეტული ფორმით – ცხელი ხაზის მეშვეობით - დაკავშირების შესაძლებლობა". – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

ომბუდსმენის ინფორმაციით, სასამართლომ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის შეფასებისას ხაზი გაუსვა, რომ აკრძალვას გააჩნდა დისციპლინური სახდელის სახე, ის იყო ბლანკეტური ხასიათის და მოქმედებდა ხანგრძლივი ვადით. სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული წესი მთლიანად უხშობდა პატიმარს შესაძლებლობას, ეფექტური და სწრაფი კომუნიკაციის საშუალებით დაკავშირებოდა სახალხო დამცველს.

კომენტარები