NATO

POLITICO: NATO-ს გენერალურ მდივნად გრიბაუსკაიტე, კალიულაიდი და გრაბარ-კიტაროვიჩი განიხილებიან

​გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგის შემცვლელად ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი, დალია გბრიბაუსკაიტე, ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და ესტონეთის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი, განიხილებიან.

როგორც გამოცემა წერს, ბრიუსელში აქტიურად განიხილება, ვინ იქნება NATO-ს შემდეგი გენერალური მდივანი და ბევრი თვლის, რომ 72 წლის შემდეგ დროა, ალიანსის გენერალური მდივანი ქალი გახდეს. აქტიურია ასევე მოსაზრება, რომ რუსეთთან დასავლეთის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, აღმოსავლეთ ევროპელი ლიდერის ამ თანამდებობაზე დანიშვნა ძლიერი გზავნილი იქნება მოსკოვისთვის.

გრაბარ-კიტაროვიჩი ხორვატიის პირველი ქალი პრეზიდენტი იყო 2015-2020 წლებში. აღსანიშნავია, რომ ის 2011-2014 წლებში ის გენერალური მდივნის თანაშემწე იყო საჯარო დიპლომატიის საკითხებში. 

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ბალტიის ქვეყნების ლიდერის გენერალურ მდივნად დანიშვნა, განსაკუთრებით გრიბაუსკაიტესი, შესაძლოა, მოსკოვის წინააღმდეგ განსაკუთრებულად მტრულად იყოს აღქმული. განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როცა ჯო ბაიდენი რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების დარეგულირებას ცდილობს.

ნორვეგიის ყოფილი პრემიერმინისტრი, იენს სტოლტენბერგი, NATO-ს გენერალური მდივანი 2014 წლის ოქტომბრიდან არის. მოკავშირეებმა სტოლტენბერგის კონტრაქტი 2022 წლის სექტემბრამდე გაახანგრძლივეს. მისი შემცვლელის ასარჩევად ალიანსს წელიწადზე ნაკლები აქვს. მოსალოდნელია, რომ ალიანსი მომავალ გენერალურ მდივანს მომავალ წელს მადრიდის სამიტზე წარადგენს.

კომენტარები