ჟურნალისტებზე ძალადობა

ოპოზიციის წევრებმა გომელაურს მოხსენება შეაწყვეტინეს და ლაშქარავას ბანერები გაშალეს

ფორმულა

პარლამენტში ოპოზიციის წევრებმა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოხსენება შეაწყვეტინეს და ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას  ფოტოთი ბანერები გაშალეს. 

ოპოზიციის პროტესტის პარალელურად, ტრიბუნასთან ვახტანგ გომელაურის გვერდით ქართული ოცნების დეპუტატები დგანან.

დღეს, 18 ივლისს საკანონმდებლო ორგანოში 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. შენობაში "პროვოკაციების პრევენციის მიზნით" დაშვების შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს. პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, მათ სახელზე საშვი არის დაშვებული, თუმცა, პარლამენტში არ უშვებენ. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები.  

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. მას შემდეგ მედიის პროტესტი არ წყდება. მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ და სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ პროტესტს.  ისინი პრემიერმინისტრის გადადგომას და მოძალადეების დასჯას ითხოვენ.

კომენტარები