ჟურნალისტებზე ძალადობა

იონათამიშვილი: მოვუწოდებ უილიამ კორტნის, მოერიდოს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ჩარევას

მინდა, გამოვეხმაურო საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის შემაშფოთებელ განცხადებებს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების თემა პოლიტიკური მიზნებისთვის შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული.

დამეთანხმებით, რომ ყოფილ ელჩს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ის წარსულში მსახურობდა. მას ეკისრება პასუხისმგებლობა, რაიმე მოვლენაზე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებამდე, მოიძიოს ყველა ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ.

მაგალითად, როდესაც იგებ, რომ ადამიანი გარდაიცვალა, ჯერ უნდა გაარკვიო, მართლაც ხომ არ მიაკითხა მას საეჭვო რეპუტაციის მქონე მეგობარმა ფონიჭალაში წასაყვანად; ხომ არ აცხადებს ეს მეგობარი, რომ ფონიჭალაში ნარკოტიკული ნივთიერების საყიდლად წავიდნენ; ხომ არ არსებობს კადრები და ხმოვანი ჩანაწერი, რომლებიც ამტკიცებს, რომ მეგობარი გარდაცვლილის ნარკოტიკების ზედოზირებიდან „ნარკანით“ გამოყვანას ცდილობდა; ხომ არ არის კადრები, რომლებიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი სახლში ძლიერი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ დაბრუნდა; ხომ არ აღმოჩნდა გარდაცვლილის ორგანიზმში რამდენიმე ნარკოტიკული ნივთიერების კვალი; ხომ არ აღმოჩნდა გარდაცვლილის სხეულზე ინiექციის რამდენიმე კვალი და ა.შ.

როდესაც ამ ყველაფრით არ ინტერესდები და აშშ-ის ყოფილი ელჩი უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებ, ეს ღრმა შეშფოთებას იმსახურებს.

სამართალდამცავი უწყებების დასკვნების ეჭვქვეშ დაყენება იმ პირობებში, როდესაც ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს და როდესაც შეგიძლია, ეს დასკვნები შენ სახელმწიფო უწყებებს გადაამოწმებინო, რისი არაერთი პრეცედენტიც გვქონია საქართველოში, არავითარ გამართლებას არ ექვემდებარება.

მოვუწოდებ უილიამ კორტნის, მოერიდოს ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთი უხეში ფორმით ჩარევას და მომავალში განცხადებები უფრო მაღალი პასუხისმგებლობით გააკეთოს.

ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი FACEBOOK-ზე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის განცხადებას TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებაზე. 

უილიამ კორტნის აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირების დასახელება ყალბ ბრალდებას უფრო ჰგავს, რომელიც ავტოკრატიული მთავრობებისთვის დამახასიათებელი ქმედებაა. 

კომენტარები