აშშ-გერმანია

კანცლერის ამპლუაში ანგელა მერკელი აშშ-ს პრეზიდენტს ვაშინგტონში უკანასკნელად შეხვდება

ჯო ბაიდენი და ანგელა მერკელი
ფოტო: CBS News

დღეს, 15 ივლისს, თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფიციალური შეხვედრაა დაგეგმილი

თითქმის 15-წლიანი მმართველობის შემდეგ, მერკელი თეთრ სახლს, სავარაუდოდ, ბოლოჯერ ეწვევა გერმანიის კანცლერის ამპლუაში, რადგან ის არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს და სამ თვეში თანამდებობას ტოვებს. 

შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის ყველაზე მნიშვნელოვნად Nord Stream 2 მილსადენი და რუსეთის ფაქტორი სახელდება. 

გარდა ამისა, დღის წესრიგში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, კლიმატური ცვლილების, რუსული კიბერშეტევების, უკრაინისა და დემოკრატიული საკითხების განხილვაც დგას. 

ბაიდენი რიგით მეოთხე ამერიკის პრეზიდენტია, რომელთანაც შეხვედრას მერკელი კანცლერის ამპლუაში გამართავს. 2005 წელს თანამდებობის დაკავების შემდეგ, მერკელი ვაშინგტონს 23-ჯერ ეწვია. 

ადმინისტრაციის განმარტებით, მიუხედავად მერკელის შეზღუდული დროისა, შეხვედრა მაინც სამუშაო სესიად უნდა ჩაითვალოს. 
 

კომენტარები