სვეტლანა ალექსიევიჩი

ბერლინის აეროპორტში იეჭვეს, რომ ნობელიატ სვეტლანა ალექსიევიჩს ჩანთაში ბომბი ჰქონდა

Reuters

ბერლინის აეროპორტში იეჭვეს, რომ ბელარუს მწერალს, ნობელის პრემიის ლაურეატ სვეტლანა ალექსიევიჩს ჩანთაში ბომბი ჰქონდა. მწერალი 14 ივლისი ბერლინიდან ვროცლავში მიმავალ რეისზე არ დაუშვეს. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ალექსიევიჩზე დაყრდნობით პოლონელი მწერლის, ოლგა ტოკარჩუკის ბლოგით გავრცელდა. მწერლის ბარგში ბომბი არ უპოვიათ.

მწერალი ვროცლავში "ალექსიევიჩის და ტოკარჩუკის პროტესტში" მონაწილეობისთვის მიემგზავრებოდა. ბერლინის აეროპორტში მისი ბარგი დამატებით შესამოწმებლად წაიღეს.

"აეროპორტის თანამშრომელი ისევ იღებს ჩემს ჩანთას, ეჭვით უყურებს და ისევ ამოწმებს რაღაც ინსტრუმენტს. შემდეგ კი მანიშნებს, რომ გავხსნა. მე ვამბობ, ინებეთ. მინდოდა დავხმარებოდი, მან თვითონ გახსნა [ჩანთა]. როცა [ჩანთა] გახსნა, მკვეთრად მოისროლა..." - ყვება ალექსიევიჩი.

მწერალს სთხოვეს პოლიციისთვის მოეცადა. პოლიცია დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა. პოლიციელმა ალექსიევიჩს უთხრა, რომ მის ჩანთაში, სავარაუდოდ, ბომბი იყო.

ალექსიევიჩი მიიჩნევს, რომ აეროპორტის თანამშრომლებს ბომბი დამტენი მოწყობილობა ეგონათ. მწერლის ბარგი დამატებით გაჩხრიკეს. შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მის ჩანთაში საეჭვო არაფერი ყოფილა. თუმცა მწერალმა თვითმფრინავის რეისზე დაიგვიანა და ვროცლავში მანქანით მოუწია გამგზავრება.

ნობელიატმა მწერალმა ბელარუსი 2020 წლის სექტემბერში დატოვა. მწერლის თანაშემწის ტატიანა ტიურინას ინფორმაციით, ალექსიევიჩი გერმანიაში სამკურნალოდ წავიდა და ის, თუ როდის დაბრუნდება სვეტლანა ალექსიევიჩი, დამოკიდებულია მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სვეტლანა ალექსიევიჩი აქტიურად აკრიტიკებდა ალექსანდრ ლუკაშენკოს და გადადგომისკენ მოუწოდებდა. 

კომენტარები