საფრანგეთი

საფრანგეთში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

AFP

საფრანგეთში ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენელი 15 სექტემბრისთვის Covid-19-ზე უნდა აიცრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ანაზღაურებას ვერ მიიღებენ. მოთხოვნა ექიმებს, ექთნებს, სამედიცინო დაწესებულებების ოფისის თანამშრომლებსა და მოხალისეებს ეხება.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ მომდევნო თვიდან მაღაზიებში, ბარებში, კინოთეატრებში შესასვლელად და შორ დისტანციაზე მატარებლით მგზავრობისას სპეციალური ჯანმრთელობის საშვები გახდება საჭირო. საშვი აჩვენებს, რომ ადამიანი ან აცრილია, ან ცოტა ხნის წინ აქვს კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი მიღებული.

"ვიცი, რასაც ვითხოვ თქვენგან და ვიცი, რომ მზად ხართ ამისთვის, ნაწილობრივ ეს თქვენი ვალიცაა". – თქვა მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს.

სავალდებულო ვაქცინაცია შეეხება ყველას, ვისაც მოწყვლად ჯგუფებთან აქვს კონტაქტი. შესაბამისად, საავადმყოფოებში, კლინიკებში, მოხუცთა სახლებში დასაქმებულებს, სამსახურებრივი პოზიციის მიუხედავად, აცრა მოუწევს.

ჯანმრთელობის საშვები უკვე გამოიყენება გარკვეულ დაწესებულებებში მოსახვედრად, მაგალითად, ღამის კლუბებში, რომლებიც პანდემიის პერიოდი პირველად გაიხსნა. 21 ივლისიდან საშვები სხვა დაწესებულებებისთვისაც სავალდებულო გახდება. საშვის წარდგენა მოეთხოვება 12 წელს ზევით ადამიანებს.

ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის, PCR ტესტები, რომლებიც ამჟამად უფასოა, ფასიანი გახდება, თუ პაციენტს ექიმის დანიშნულება არ ექნება.

პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, საიტი Doctolib-ი, რომელსაც საფრანგეთში ვაქცინაციის დასაჯავშნად იყენებენ, გაითიშა. საიტის გათიშვის მიზეზი გახდა ერთდროულად ბევრი მომხმარებლის მცდელობა, ვაქცინაციაზე დარეგისტრირებულიყვნენ.

საფრანგეთში, დელტა ვარიანტის გავრცელების პარალელურად, ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება. იზრდება ასევე იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ.

9 ივლის მეცნიერთა ჯგუფმა, რომლებიც ჯანდაცვის საკითხებში საფრანგეთის ხელისუფლების მრჩევლები არიან, მთავრობა გააფრთხილა, რომ მოსალოდნელია პანდემიის მეოთხე ტალღა და ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მოსახლეობის 95%-ის აცრაა საჭირო.

საფრანგეთში, ამ დროისთვის, მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებია ვაქცინის პირველი დოზით აცრილი. ორივე დოზით ქვეყნის მოსახლეობის 40%-ზე ნაკლებია ვაქცინირებული

კომენტარები