მარიკა წივწივაძის საქმე

პოლიციის უმოქმედობა შეიძლება ჩაითვალოს სისტემურ მარცხად – სტრასბურგი მოკლულ ლექტორზე

2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის, მარიკა წივწივაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სტრასბურგმა დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მსხვერპლის დასაცავად არ მიიღო შესაბამისი პრევენციული ზომები იმ გარემოებებში, როდესაც 2014 წლის 29 აპრილიდან 17 ოქტომბრამდე წივწივაძემ და მისმა ოჯახმა პოლიციას დახმარების თხოვნით, სულ მცირე, 11-ჯერ მიმართა. გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფოს ასევე არ გამოუძიებია პოლიციის უმოქმედობა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მიმართ.

"სამართალდამცავი ორგანოების, განსაკუთრებით პოლიციის, უმოქმედობა კიდევ უფრო უპატიებელია, იმ პირობებში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის, ოჯახში ძალადობა მიჩნეულია მთავარ სისტემურ პრობლემად, რომელიც ზემოქმედებას ახდენს საზოგადოებაზე. პასუხისმგებელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა სიტუაციის სიმძიმის შესახებ, რომელიც ქვეყანაში ბევრ ქალზე ახდენს გავლენას და განსაკუთრებული მონდომება უნდა გამოეჩინათ ამ ჯგუფის დაუცველი წევრების დასაცავად". – ნათქვამია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში.

სტრასბურგი აღნიშნავს, რომ მთლიანობაში, აღნიშნულ პირობებში არ იდგმებოდა შესაბამისი ნაბიჯები, რასაც შეიძლებოდა ტრაგიკული შედეგის აცილება ან ზიანის შემსუბუქება გამოეწვია, ხოლო პოლიციის უმოქმედობა ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სისტემურ მარცხად.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლები, რაც სიცოცხლის უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვას გულისხმობს. 

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მარიკა წივწივაძის დედის მიმართ 35 000-ევროიანი კომპენსაცია დაეკისრა.

მარიკა წივწივაძეს ყოფილმა ქმარმა ილიას უნივერსიტეტის დერეფანში 2014 წლის ოქტომბერში ესროლა. ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, მამაკაცმა კი თავი მოიკლა.

კომენტარები