პრაიდის კვირეული

კობახიძე პუტინისტების ძალადობაზე: რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, რომ 10 000 კაცი ემართა?

"რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, რომ 10 000 კაცი თუ რამდენიც იყო, ემართა?" - ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას, რატომ არ ჰქონდა პოლიციას რეაგირება ძალადობის ფაქტებზე.

"თქვენ გახსოვთ, ათასი კაცი უტევდა პარლამენტის შენობას [2019 წლის 20 ივნისს] და იქაც კი ჭირდა რეაგირება". – თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ღირსების მარშის კონტრაქციაზე "ობიექტური მიზეზების გამო გაჭირდა ყველა ფაქტზე რეაგირება, ეს იყო ძალიან რთული, ბუნებრივია, მასაზე რომ არის საუბარია, რთულია".

ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, "ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ აქვს არანაირი გამართლება. თითოეული ასეთი ფაქტი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს". მან მოუწოდა სამართალდამცავებს, "გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკალაციისთვის".

"ვაფრთხილებდით ორგანიზატორებს, რომ მათ დაგეგმილ აქციას შეიძლებოდა გამოეწვია მოწინააღმდეგეთა აგრესია და ვითარების ესკალაცია. სწორედ ამ გარემოებების გამო მოვუწოდებდით მათ, თავი შეეკავებინათ აქციის ორგანიზებისკენ, ამისკენ მოუწოდა მათ დღეს პრემიერმინისტრმაც.

ფაქტია, რომ პრაიდის  რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები. ის, რაც დღეს ხდება თბილისში, არის მხოლოდ პრაიდის უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობის და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში" - თქვა კობახიძემ.

5 ივლისის დილიდან რუსთაველის გამზირზე პუტინისტური ჯგუფები შეიკრიბნენ, ადგილზე მივიდნენ სასულიერო პირებიც, მათ შორის პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი. ისინი ღირსების მარშის ჩაშლას აანონსებდნენ.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ პრაიდის გამართვა მიზანშეწონილი არ არის. ამის შემდეგ,  პუტინისტურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს, ჟურნალისტებს სცემეს, სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებში შევარდნენ. მოძალადეები ახლაც ქალაქის ქუჩებში დადიან, მანქანებს ქვებს ესვრიან, მათ გაეროს ოფისში შეჭრაც სცადეს.

პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. გამოძიება ძალადობის, ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაიწყო.

პუტინისტური ჯგუფების და საპატრიარქოს ქმედებების გამო, თბილისი პრაიდის დასკვნითი ღონისძიება – ღირსების მარში დღეს აღარ გაიმართება. მათი შეფასებით, "ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა".

კომენტარები