პრაიდის კვირეული

მთავარი რედაქტორის წერილი: სოლიდარობა Tbilisi Pride-ის ღირსების მარშს!

პრაიდის კვირეული

მთავარი რედაქტორის წერილი: სოლიდარობა Tbilisi Pride-ის ღირსების მარშს!

Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშის გამართვას გეგმავს. 

ორგანიზატორებსა და მათ მხარდამჭერებს სურთ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს მშვიდობიანი შეკრებით შეახსენონ, რომ სექსუალური და გენდერული უმცირესობები ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიური ძალადობის, სიძულვილისა და დისკრიმინაციის კლიმატში ცხოვრობენ. 

გარდა ამისა, ჩაგვრა და შევიწროვება მათ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის ყველა იმ მძიმე ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა თუ სხვა გამოწვევის წინაშე, რომელიც მთელ ქართულ საზოგადოებას უდგას. 

გარდა ამისა, ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ოკუპანტი სახელმწიფოს შერჩეულ სამიზნეს წარმოადგენენ.

რუსული პროპაგანდა ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განწყობებს კვლავ ჩვენივე საზოგადოების ძირის გამოსათხრელად, სამოქალაქო მშვიდობის მოსარღვევად, ქართველი ხალხის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და მომავლის დასამხობად იყენებს. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მის საფარველქვეშ მოქმედი ექსტრემისტები, რომლებიც წლებია საჯაროდ ძალადობენ უმცირესობებზე და ახშობენ გამოხატვის თავისუფლებას, ამ ანტიდასავლური და კაცთმოძულე პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ გამტარებს წარმოადგენენ. 

იმავე პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ავანგარდშია საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, რომელმაც შექმნა ან დაუსჯელობით წაახალისა მარბიელი, ღიად პუტინისტური ჯგუფები.

ხელისუფლება სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას იმ სახიფათო რისკზე, რომელზეც მოძალადეთა წახალისება-დაუსჯელობით მიდის.

თითოეული ქართველი პატრიოტის ვალია სიტყვითა და საქმით აიძულოს საქართველოს მთავრობა სრულყოფილად დაიცვას თბილისი პრაიდის გამოხატვის თავისუფლება, რადგან ან ექნება თავისუფლება ყველას და თანასწორად, ან აღარ ექნება არავის. 

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ღირსების მარშზე მიმავალ მოქალაქეებს, რომლებიც უსაფრთხოების რისკის შეგნებით, ძალადობის შიშზე გამარჯვებულნი გადიან ქუჩაში, იმისთვის, რომ მოიპოვონ ღვთივბოძებული თავისუფლება, როგორც იქამდე მოუპოვებიათ უდრეკ, მართალ და მებრძოლ ადამიანებს მსოფლიოსა თუ საქართველოში.

სოლიდარობა თბილისი პრაიდს!

კომენტარები