ავღანეთი

Reuters: აშშ-ს გასვლის პარალელურად, ავღანეთის მოსახლეობა თალიბანთან ბრძოლისთვის იარაღდება

შეიარაღებული ავღანელი მოქალაქეები, რომლებიც მხარდაჭერას სამთავრობო ძალებს უცხადებენ
Reuters

გამოცემა Reuters-ის ცნობით, ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გაყვანის პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, ერთგულებას სამთავრობო ძალებს უცხადებს და თალიბანთან საბრძოლველად ემზადება. 

"თუკი ისინი ომს გამოგვიცხადებენ, შეგვავიწროებენ, ჩაერევიან ქალებისა და ხალხის კუთვნილებაში, ჩვენი 7 წლის ბავშვებიც კი შეიარაღდებიან და მათ წინააღმდეგ დადგებიან". – ამბობს Reuters-თან 55 წლის დოსტ მუჰამედ სალანგი, რომელიც შეიარაღებულ მოსახლეთა ერთ-ერთი ჯგუფის მეთაურია.

გუშინ, 29 ივნისს, ავღანეთიდან ჯარები სრულად გამოიყვანა გერმანიამ, რომელიც აშშ-ს შემდეგ ყველაზე დიდი კონტინგენტით იყო წარმოდგენილი. 

"ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ... ახლა, როცა უცხოური ძალები გვტოვებენ, სხვა გზა არაა". – ამბობს Reuters-თან ფარიდ მუჰამედი, სალანგის ჯგუფის ერთ-ერთი ახალგაზრდა წევრი. 

ავღანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სპიკერის თქმით, შეიარაღებული მშვიდობიანი მოსახლეობა ტერიტორიული ჯარის ძალების სტრუქტურას უერთდება. 

ზოგიერთი ანალიტიკოსის შენიშვნით, მოსახლეობის შეიარაღებამ, შესაძლოა, ავღანეთში ახალი სამოქალაქო ომი გამოიწვიოს. 

გასულ კვირაში აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის, თეთრ სახლში შეხვდა.

"ავღანელებს თვითონ მოუწევთ, გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი, თუ რა სურთ. უგუნური ძალადობა უნდა შეწყდეს". – თქვა შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა, მაგრამ ასევე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ აშშ ავღანეთის დახმარებას არ შეწყვეტდა. 

პარალელურად, ავღანეთში დაძაბული სიტუაციაა და თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. 

კომენტარები