ევროპული საქართველო

ივანიშვილის რეჟიმის გულგრილობას ადამიანების სიცოცხლე ეწირება – ბოკერია-კალოიანის ბრიფინგი

ტაბულა

როგორ მართა სახელმწიფომ ახალი კორონავირუსის პანდემია? – ამ საკითხზე ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ და ჯანდაცვის საკითხებში პარტიის მდივანმა, ვახო კალოიანმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. 

გიგა ბოკერიას თქმით, იმ ფონზე, რომ ერთი წელია, "ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წევრებისა და პროპაგანდისგან ისმის განცხადებები, თუ რა კარგად მართა მთავრობამ ეპიდემიის კრიზისი, საქართველოში სიკვდილიანობა გაორმაგდა, ვაქცინაციის ტემპით კი 140-ე ადგილზე ვართ. 

"ჩვენ ყველას, მთელ ქართულ საზოგადოებას, თვეების განმავლობაში, შარშანდლიდან მოყოლებული, ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენლისგან, მათი პროპაგანდისგან გვესმოდა ნიაღვარი საკუთარი თავის ქებისა, განცხადებები, როგორ მაგრად მართეს Covid-ვითარება, რომ თურმე, მსოფლიომ უნდა ისწავლოს ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისგან, როგორ უნდა გადადგა ნაბიჯები რთულ ვითარებაში. 

მილიონი ლარი დაიხარჯა ამ დროს მთავრობისა და ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების PR-ზე წინასაარჩევნოდ და მიმდინარეობდა ჩვენი მოქალაქეებისთვის იმის დამადლება, თუ როგორ არ ვუფასებთ, განსაკუთრებით ჩვენ, ოპონენტები, ამ ყველაფერს. საბოლოო ჯამში, მივიღეთ უმძიმესი ვითარება, რომ საქართველო 140 ქვეყანას ჩამორჩება ვაქცინაციის ტემპით, სადაც მხოლოდ 2%-ია ვაქცინირებული, სადაც ბოლო თვეებში გაორმაგდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ზედა ოცეულშია დღეს ერთ სულ მოსახლეზე შეფარდებით საქართველო ამ კუთხით". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის თქმით, ვახო კალოიანი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობას ხან საჯაროდ, ხანაც არასაჯაროდ, ქართული ოცნების წარმომადგენლებს აფრთხილებდა იმ ნაბიჯებზე, რაც მათ უნდა გადაედგათ და რაც არ გადადგეს. 

ვახო კალოიანის შეფასებით, საქართველოში ეპიდემიის თვალსაზრისით კატასტროფული ვითარებაა და იმისათვის, რომ ეს სიტუაცია გადაილახოს, საჭიროა, დღეში 20 000-მდე ადამიანის აცრა და ბიუროკრატიული ხარჯების 2 მილიარდამდე შემცირება. 

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში გაზრდილია სიკვდილიანობა, რომელიც ორჯერ გაიზარდა ბოლო თვეებში და ჩვენ ზედა ოცეულში ვართ ამ მონაცემებით. ამას აქვს ორი ძირითადი მიზეზი, ერთი, ცუდი, კატასტროფულად ჩავარდნილი ვაქცინაცია – ჩვენ მხოლოდ 2% ვართ აცრილები და ამ კუთხით 140-ე ადგილას ვართ. მობილიზებული 5 მილიარდი ლარიდან მხოლოდ 17 მილიონია დახარჯული ვაქცინაციაზე, მაშინ, როდესაც უამრავი გაუაზრებელი და არაეფექტიანი ხარჯი გვქონდა ქუჩების მორეცხვით, რობოტი პეპერისა და სასტუმროების არაეფექტიანი გამოყენების სახით. 

"არათანმიმდევრული, არაპროგნოზირებადი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არაადეკვატური შეზღუდვების გამო, ჩვენ უზარმაზარი ტვირთი გვქონდა. მე-15 ადგილზე ვიყავით შეზღუდვების ტვირთით და გვისწრებდა მხოლოდ ჩვენზე ბევრად მდიდარი ან სრულად ავტორიტარული სახელმწიფოები. ამ ფონზე კატასტროფული პრობლემები გვქონდა ტესტირების თვალსაზრისით. 

ერთი წელი დაგვჭირდა, რომ დღეში 30 000 ტესტზე ავსულიყავით. ვიყავით ანტიბიოტიკების გარეშე დიდი ხნის განმავლობაში. ვიყავით ჟანგბადის გარეშე სამედიცინო პერსონალი. სახელმწიფომ საერთოდ უგულებელყო სამედიცინო პერსონალის გადამზადება და მხოლოდ საკუთარი მობილიზაციისა და თვითორგანიზების ხარჯზე გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. 

ეს არის, ძირითადად, სამედიცინო პერსონალის დამსახურება. ჩვენ არ გავყავით Covid- და არა Covid-კლინიკები, რამაც მასობრივი გავრცელება გამოიწვია. მეორე ტალღის დასაწყისში, გახსოვთ, კატასტროფული მოუმზადებლობა, ცხელი ხაზის, 112-ის პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და რეალურად ბედის ანაბარად მიტოვებული რეგიონები. 

ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის ძალიან მარტივი: ჩვენ გვჭირდება დღეში 20 000 ვაქცინირებული მოქალაქე და ეს იქნება სერიოზული უსაფრთხოების ბალიში ჩვენთვის შემოდგომაზე და გვჭირდება საგადასახადო ტვირთის შემცირება. ამ გაუაზრებელი, ბიუროკრატიული ხარჯის შემცირება 2 მილიარდი ლარით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და მინიმალური მონდომების პირობებში, ძალიან მარტივია იმ ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და სიკვდილიანობის, მინიმუმ, განახევრება არის აბსოლუტურად შესაძლებელი". – თქვა ვახო კალოიანმა. 

ევროპული საქართველოს ლიდერებმა ბრიფინგზე ასევე წარადგინეს კლიპიც, სადაც თავმოყრილია განცხადებები იმის შესახებ, თუ როგორ კარგად და ეფექტურად მართავს მთავრობა ეპიდვითარებას. 

"აქ მოკლედ არის შეჯამებული, თუ რამდენად უპასუხისმგებლოდ, უტიფრად, არაგონივრულად მოიქცა ივანიშვილის რეჟიმი მთელი ამ კრიზისის განმავლობაში. რომ ჩამოწეროთ, რა არ უნდა ექნათ, ის გააკეთეს და უმარტივესი ნაბიჯები, რაც უნდა გაეკეთებინათ, ვაქცინის მოპოვება და ბრძოლა კონკურენციაში, რაც მსოფლიოში იყო, არის ამის პირველი მაგალითი, რაც არ გააკეთეს. ახლა რას აკეთებენ არჩევნების წინ? ჩამოუწერეს ჯარიმები მოქალაქეებს, რომელიც დაუწერეს არაადეკვატური რეგულაციების გამო. ამ დროს იმ ადამიანებს, ვისაც გადახდილი აქვს უკვე, იმათ არ უბრუნებენ ამ თანხებს. აღარაფერს ვამბობ ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც მიადგა ყველას, ვისაც მოუწია ამ შეზღუდვებისადმი დამორჩილება: წვრილ მეწარმეებს, საშუალო მეწარმეებს - ყველა მეწარმეს. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე და სწორედ ამიტომ, ეროვნული ამოცანაა, რომ ასეთი ხალხი არასოდეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში არ უნდა იყოს, მითუმეტეს, როდესაც ჩვენ წინ გველის სერიოზული გამოწვევები. ნებისმიერი კრიზისის დროს ეს ხალხი და მათი გულგრილობა გამოიწვევს პირდაპირი გაგებით მსხვერპლს და უმძიმეს ეკონომიკურ შედეგებს". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

კომენტარები