ქველმოქმედება

უორენ ბაფეტმა საქველმოქმედო ფონდებისთვის 4.1 მილიარდი დოლარი გაიღო

უორენ ბაფეტი

Berkshire Hathaway-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, უორენ ბაფეტმა საქველმოქმედო ფონდებისთვის 4.1 მილიარდი დოლარი გაიღო

90 წლის ინვესტორს ცხოვრების განმავლობაში საქველმოქმედო საქმიანობისთვის 41 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს გაღებული.

2006 წელს ბაფეტმა პირობა დადო, რომ სიცოცხლის ბოლომდე ის საკუთარი ქონების 99%-ს ქველმოქმედებას შესწირავდა. ამჟამინდელი მდგომარეობით, მას Berkshire-ის აქციების ზუსტად 50% აქვს გაცემული. 

"დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა, 2006 წელს მე პირობა დავდე, რომ ჩემი კომპანიის წილის 99%-ზე მეტს ფილანთროპიას მოვახმარდი. დღევანდელი შემოწირულობით უკვე მიზნის შუა ნაილამდე მივაღწიე". – თქვა ბაფეტმა. 

$4.1-მილიარდიანი შემოწირულობა ხუთ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გადანაწილდება, მათ შორის ერთ-ერთი ბილ და მელინდა გეიტსების ფონდია, რომლის არააქტიური რწმუნებულის პოზიციაც 13 ივნისს ბაფეტმა საკუთარი ნებით დატოვა. 

მისი განმარტებით, საქველმოქმედო ფონდი დასახულ მიზნებს ბაფეტის ფიზიკური ჩართულობის გარეშეც მიაღწევს. 

ამჟამინდელი მდგომარეობით, ბაფეტის ქონება 100 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. 
 

 

კომენტარები