ბადრო ესებუა

"ჩვენი ინფორმაციით, საქართველოშია, ქვეყანა არ დაუტოვებია" – გომელაური ბადრი ესებუაზე

ესებუა

"კიდევ ხაზს ვუსვამ, საქართველოშია, ჩვენი ინფორმაციით, კვლავ საქართველოში იმყოფება, მას არ დაუტოვებია ქვეყანა". – შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელ ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება.

"ვფიქრობ ხოლმე ამ საკითხით დაწყებას, რომ თქვენ დაიკმაყოფილოთ ინტერესი, ხუმრობა იქეთ იყოთ, ვმუშაობთ, მნიშვნელოვანი თემაა, მითუმეტეს შსს-ისთვის, ღირსების თემაა, პირდაპირ გეტყვით". – ამბობს გომელაური.

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი ოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ არის. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა ზუგდიდში 12 დეკემბერს დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, "არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები." უწყების ცნობით, მისი ჩხრეკისას 2 ხელყუმბარა, საძილე ტომარა, პროდუქტები და ტანსაცმელი ამოიღეს. ესებუას ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულის თქმით, ნივთები მას საბარგულში ჩაუდეს.

კომენტარები