კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე AstraZeneca-თი აცრის შეფერხებაზე: თუ ხმაურის ატეხვა უნდოდათ, ერთი შეხედვით, იყო საბაბი

თენგიზ ცერცვაძე

"თუ ვინმეს ხმაურის ატეხვა უნდოდა, ერთი შეხედვით, იყო ამისი საბაბი, მაგრამ არავითარი ზიანი ამის გამო არავის არ მისდგომია". – ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე AstraZeneca-თი აცრის შეფერხებაზე საუბრისას. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

ცერცვაძე ამბობს, რომ ვაქცინის ტრანსპორტირება, დაახლოებით, 3 დღის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა ის თვითმფრინავის რეისზე ვერ მოხვდა. ცერცვაძის თქმით, მისი ინფორმაციით, 43 000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა "რამდენიმე დღეში" ჩამოვა. 

"მანამდე ქვეყანაში არსებული მარაგის მობილიზება მოხდა და ასაცრელად მოიწვიეს ის პაციენტები, რომელთაც პირველი ვაქცინაციის შემდეგ ათკვირიანი ვადა გასდიოდათ. ასე რომ, ისინი ყველანი აცრილი არიან. თუ ვინმეს ხმაურის ატეხვა უნდოდა, ერთი შეხედვით, იყო ამისი საბაბი, მაგრამ არავითარი ზიანი ამის გამო არავის არ მისდგომია. უბრალოდ, რამდენიმე ათეული, შეიძლება ასი ადამიანი, აიცრება რამოდენიმე დღით გვიან. ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს ამ ადამიანების იმუნიტეტზე, რადგან ასტრაზენეკას ოფიციალურად უწერია, რომ მეორე დოზა უნდა გაკეთდეს 8-12 კვირამდე ინტერვალში. 12 კვირის ინტერვალს არცერთი ადამიანის ვაქცინაცია არ გადასცდება.

რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, აქ იყო რამდენიმე ათეული, დაახლოებით 30 პაციენტი. ასევე, როგორც ვიცი, პრობლემა იყო რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩვენ ვაქცინაციის აღმსრულებელი ვართ, მის ლოჯისტიკასა და განაწილებას არ ვახდენთ, ამიტომ სხვა კლინიკის მონაცემები არ მაქვს". – ამბობს თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

ათობით მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა, წერს, რომ მეორე დაჯავშნილ დოზას ვერ იღებს. გუშინ, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. 

"ყველა, ვინც არის ვაქცინირებული, თავის დოზას აუცილებლად მიიღებს". - ამბობენ NCDC-ში, თუმცა ვერ ხსნიან, რატომ არეგისტრირებდა სისტემა მეორე დოზით აცრისთვის მოქალაქეებს, თუ ვაქცინის მათთვის განკუთვნილი დოზები ხელმისაწვდომი არ იქნებოდა.

კომენტარები